
რუსეთმა დნეპრში დაბალი სიზუსტის რაკეტა გამოიყენა – ბრიტანული დაზვერვა
17/01/2023 09:13:37 ევროპა
ბრიტანული დაზვერვა სიცრუეს უწოდებს რუსეთის მინიშნებას, რომ უკრაინის ქალაქ დნეპრში საცხოვრებელ სახლს მოხვდა არა მისი, არამედ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტა.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, სახლს მაღალი ალბათობით მოხვდა რუსული ბომბდამშენიდან Tu-22M3-დან ნასროლი გემსაწინააღმდეგო რაკეტა AS-4 KITCHEN. ნატოს კლასიფიკაციით ასე აღინიშნება რუსული რაკეტა Х-22.
თავდაცვის სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ რაკეტა Х-22 სახმელეთო სამიზნეებზე ზუსტი დარტყმისთვის გამოუსადეგარია, რადგან მისი რადიოლოკაციური სისტემა ქალაქის ტიპის დასახლებებში სამიზნეებს ერთმანეთისგან ცუდად არჩევს.
ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, სწორედ ამ ტიპის რაკეტის გამოყენებამ გამოიწვია დიდი მსხვერპლიც 2022 წლის ივნისში, უკრაინის ქალაქ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე დარტყმისას.
14 იანვარს დნეპრზე რუსეთის მასირებული შეტევისას ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 44 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი.
16 იანვარს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების დარტყმების სამიზნეა არა საცხოვრებელი სახლები და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტები, არამედ აშკარა ან შენიღბული სამხედრო ობიექტები და ყველამ ნახა უკრაინის ზოგიერთი წარმომადგენლის დასკვნაც, რომ დნეპრში ტრაგედია გამოიწვია უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის საპასუხო რაკეტის ქმედებამ. პესკოვი გულისხმობდა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის არესტოვიჩის განცხადებას, რომ რუსული რაკეტა, რომელიც დნეპრში საცხოვრებელ სახლს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. მოგვიანებით, არესტოვიჩმა განაცხადა, რომ სერიოზული შეცდომა დაუშვა და ამისთვის ბოდიშს იხდის. არესტოვიჩის განცხადებამ უკრაინაში აღშფოთება გამოიწვია. მისი გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერები გროვდება.
უკრაინის არმიის საჰაერო ძალების სპიკერ იური იგნატის ინფორმაციით, ქალაქ დნეპრზე იერიში განხორციელდა რუსული ფრთოსანი რაკეტებით Х-22, რომელთა მოგერიების საშუალებები უკრაინას არ გააჩნია.