
”გენოციდის გაგრძელების წახალისება”: კიევი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს აკრიტიკებს
17/01/2023 12:42:59 ევროპა
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დასავლეთის ცალკეული წარმომადგენლების მოწოდებები, განაგრძონ "რუსეთთან დიალოგი, პატივი სცეს მის ისტორიასა და კულტურას", აძლიერებს კრემლის დაუსჯელობის განცდას და ოფიციალური კიევის მიერ აღიქმება, როგორც ”უკრაინელთა გენოციდის გაგრძელების წახალისებად“,– ამის შესახებ ისაუბრა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოლეგ ნიკოლენკომ, რომელმაც კომენტარი გააკეთა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ალექსანდრე შალენბერგის განცხადებაზე. ავსტრიელმა დიპლომატი რუსეთის აგრესიაზე რეაგირების კონტექსტში გამოვიდა „ზომიერების დაცვის“ მოწოდებით.
”ჩვენ ვაფასებთ ავსტრიასთან თანამშრომლობას, მადლიერები ვართ გაეროსა და ევროკავშირში მხარდაჭერისთვის და ამ თვალსაზრისით დიალოგის განვითარებისთვის ველოდებით ავსტრიის მინისტრის ვიზიტს უკრაინაში. კერძოდ, ჩვენ ვიწვევთ ავსტრიული დიპლომატიის ხელმძღვანელს, რომ ეწვიონ დნეპერს. იქ მას ექნება შესაძლებლობა, გაიმეოროს თავისი არგუმენტები ზომიერების თაობაზე ახლობლებთან 44 მსხვერპლისა, რომლებიც დაიღუპნენ რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად მრავალსართულიან შენობაში. ან მათ ახლობლებთან, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ უპოვიათ ნანგრევებში“- განაცხადეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ერთი დღით ადრე ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე შალენბერგმა თქვა, რომ დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია, რუსეთთან ურთიერთობაში ზომიერების განცდა შეინარჩუნოს, რადგან ის რჩება ევროპული ისტორიის და კულტურის ნაწილად. მისი აზრით, არ ღირს „ძალიან შორს წასვლა“, კერძოდ, რუსებზე ვიზების გაცემის აკრძალვის საკითხში.
დასავლელმა ანალიტიკოსებმა არაერთხელ განაცხადეს ავსტრიაზე რუსეთის ფედერაციის გავლენის შესახებ. ავსტრიის სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის ოფისმა ცოტა ხნის წინ რუსეთს უწოდა ავსტრიის წინააღმდეგ ”ჯაშუშობის მთავარი სუბიექტი“.