„ეს იყო ღალატი!“: სარდალ გერასიმოვის ჩეჩნური კვალი

17-01-2023 21:27:11 კომენტარი

11 იანვარს ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში რუსეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდლის თანამდებობიდან გენერალი სერგეი სუროვიკინი დაითხოვეს და უკრაინის წინააღმდეგ ომის ხელმძღვანელობა დაევალა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, არმიის გენერალს ვალერი გერასიმოვს.

სამხედრო ექსპერტები გადაწყვეტილებას შიდა დაპირისპირებას უკავშირებენ, კერძოდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და არაფორმალური დაჯგუფების „ვაგნერის“ დამაარსებელ ევგენი პრიგოჟინსა და ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმულ ლიდერს რამზან კადიროვს შორის არსებულ კონფლიქტს და ვარაუდობენ, რომ გენერალური შტაბის უფროსის უკრაინაში ჯარების მეთაურად დანიშვნა ამა თუ იმ ოპერაციაზე გადაწყვეტილების მიღებისას შუამავალი რგოლების აღმოფხვრას ისახავს მიზნად.

"ეს არის ფსონების ზრდა ამ ომში", - თქვა ოლექსი დანილოვმა, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ გადამწყვეტი იქნება მომდევნო ორი-სამი თვე.

გერასიმოვი 1955 წელს ყაზანში დაიბადა, სწავლობდა ყაზანის სუვოროვის სამხედრო სკოლაში, დაამთავრა ყაზანის უმაღლესი სატანკო სარდლობის სკოლა და ჯავშანტექნიკის სამხედრო აკადემია. შემდეგ სწავლობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიაში.

მისი ბიოგრაფია მჭიდრო კავშირშია ჩეჩნეთის მეორე ომთან. 1998 წლის თებერვლიდან გერასიმოვი ვლადიკავკაზში მსახურობდა ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის 58-ე არმიის ხელმძღვანელობაში. 1999 წლის აგვისტოდან მისი ქვედანაყოფები ჩეჩნეთის მეორე ომის ფარგლებში იბრძოდნენ. 2006 წლის დეკემბერში გერასიმოვი დაინიშნა ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსად. მაგრამ მალე მან დატოვა თანამდებობა და 2012 წელს სერგეი შოიგუს რეკომენდაციით დაინიშნა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად და რუსეთის თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ. ის ასევე არის ქვეყნის უშიშროების საბჭოს წევრი.

როგორც იუწყებიან, გერასიმოვი პასუხისმგებელია სირიაში რუსული ძალების ოპერაციაზე, რომელიც დაიწყო 2015 წელს, რისთვისაც მან მიიღო რუსეთის გმირის ვარსკვლავი. 2015 წელსვე უკრაინის სამხედრო პროკურატურამ ვალერი გერასიმოვი გამოაცხადა "დონბასის ომის მთავარ იდეოლოგად". 2016 წელს Bellingcat-ის საგამოძიებო ჯგუფის ექსპერტებმა გერასიმოვი დაასახელეს დონეცკის ოლქში ბოინგ MH17-ის ჩამოგდებაზე პასუხისმგებელთა შორის.

გერასიმოვს აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციების ქვეშაა.

რუსმა უფლებადამცველმა, ადამიანის უფლებათა ცენტრის „მემორიალის“ საბჭოს წევრმა ალექსანდრე ჩერკასოვმა „კავკაზ რეალიის“ უამბო, რომ „1998 წლიდან გერასიმოვი იყო 58-ე არმიის მეთაურის მოადგილე, მოგვიანებით გახდა პირველი მოადგილე, ხოლო 2001 წელს არმიის მეთაური. ანუ საუბარია არმიაზე, რომელიც ჩეჩნეთში 1999 წლიდან არის მთავარი აქტიური სამხედრო ძალა. სწორედ ის ითვლება 2000 წლის მარტში ჩეჩნეთის სოფელ კომსომოლსკოეში სამხედრო ოპერაციის არქიტექტორად. ყოველ შემთხვევაში, მისი „ბრწყინვალე“ შედეგია წარმოდგენილი“.

„აქ გერასიმოვთან ერთად აღსანიშნავია კიდევ ერთი გენერალი - ვლადიმირ შამანოვი, იმდროინდელი დასავლეთის ჯგუფის მეთაური [ჩრდილოეთ კავკასიაში], რომელმაც გაუმართლებელი ძალადობით გაიარა ჩეჩნეთში. ამას ვერ მოვაშორებთ თავად გერასიმოვს, რომელიც მისი უშუალო ქვეშევრდომი იყო.

"ბრწყინვალე" ოპერაცია ჩეჩნეთის სოფელ კომსომოლსკოეში არ წარიმართა რუსი სამხედროების გეგმების მიხედვით. აქ არმია ელოდა გროზნოდან სოფელ ალხაზუროვას მიმართულებით ჩეჩენი მებრძოლების გამოსვლას. სამხედროთა რაოდენობა, რომელთაც ალყაში ჰყავდათ სოფელი მოქცეული, არ ჩამოუვარდებოდა თავად სოფელში მყოფთა რაოდენობას. და თუ გაარღვევდნენ, ცოტა რამის გაკეთება თუ შეეძლოთ. და აქ რუსმა სამხედროებმა მოსახლეობას, არასამხედრო პირებს სოფლის დატოვების უფლება მისცეს.მათ ადგილობრივებმა დაუჯერეს და გამოვიდნენ სოფლიდან, თუმცა ჯარს ვერ გასცდნენ. უამრავი ადამიანი - ქალები, ბავშვები და მოხუცები - აიძულეს, სოფლის განაპირას, რუსული ჯარების პოზიციების წინ გაჩერებულიყვნენ. ასე იცავდა ჯარი თავს ჩეჩენი მებრძოლებისგან. სოფლის მაცხოვრებლები ცოცხალ ფარად იქცა, ჯარი კი აგრძელებდა „ფარს“ ამოფარებული სროლას“.

მისივე თქმით, „როდესაც რუსულმა არმიამ შეძლო წინააღმდეგობის ძალების ჩახშობა სოფელ კომსომოლსკოეში, იქიდან წავიდნენ ჩეჩნური რაზმების მნიშვნელოვანი ძალები, მათ შორის რუსლან გელაევი (პირველი და მეორე ომების ერთ-ერთი მთავარი ჩეჩენი მეთაური). 20 მარტს სოფელ კომსომოლსკოედან ასამდე ტყვე წაიყვანეს... ზოგი ადგილზე დახვრიტეს, ზოგი ხანკალას სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს. შემდეგ ხალხი პატიმრების გადასაყვან ვაგონში გადააბრუნეს“.

„მაგრამ ფაქტია, რომ ბევრმა ვერ იცოცხლა. ისინი სიცივისგან იხოცებოდნენ ვაგონებში. მხოლოდ ერთი ჯგუფიდან 24 ადამიანი დაიღუპა. ესენი არიან ისინი, რომელთაც წინასწარი დაკავების იზოლატორამდე ცოცხლებმა ვერ მიაღწიეს. ეს იყო ღალატი, რადგან რუსმა სამხედროებმა მათ ოფიცრის სიტყვა მისცეს, რომ შეეხებოდათ ამნისტია [კომსომოლსკოეში დატყვევებულებს]. ვიღაცამ იცოცხლა ამნისტიამდე, მაგრამ ასეთები ცოტანი იყვნენ.

თუ ეს არის „ბრწყინვალე ოპერაცია“, რომლითაც გენერალმა გერასიმოვმა უნდა იამაყოს, შეიძლება, წარმოვიდგინოთ მისი შემდგომი ქმედებები უკრაინაში, სადაც ის უხელმძღვანელებს ჯარების გაერთიანებულ დაჯგუფებას. არ მინდა ვთქვა, რომ ის იყო პასუხისმგებელი იქ ყველაფერზე [სოფელ კომსომოლსკოეში], მაგრამ გერასიმოვი მეთაურობდა ოპერაციას, ის პასუხისმგებელია მისი ქვეშევრდომების ქმედებებზე. ის იყო უფროსი ოფიცერი. ის იყო პასუხისმგებელი“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები