
Patriot–ს უკრაინას ნიდერლანდებიც გადასცემს
17/01/2023 20:29:26 ევროპა
ნიდერლანდები უკრაინას Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს გადასცემს. ამის შესახებ თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა.
„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ამას ჩვენც ვუერთდებით, ამ საკითხზე დღეს გერმანიის კანცლერსაც ვესაუბრე“, – უთხრა რუტემ აშშ-ის პრეზიდენტს.
თავის მხრივ, ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ჯაჭვის განმტკიცების აუცილებლობას და უკრაინის მხარდაჭერისთვის ნიდერლანდებს მადლობა გადაუხადა.
მანამდე ნიდერლანდების საზოგადოებრივი მაუწყებელი იუწყებოდა, რომ ამსტერდამი განიხილავს გერმანიასთან ერთად Patriot-ის სისტემების უკრაინისთვის გადაცემას, მას შემდეგ, რაც ბერლინმა ამისთვის მზაობის შესახებ განაცხადა.
ქვეყანაში Patriot-ის სისტემის გამოყენება 1987 წელს დაიწყეს. ამ „მიწის-ჰაერის“ სარაკეტო სისტემებს შეუძლიათ თვითმფრინავების, ვერტმფრენების, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების განეიტრალება 20 კილომეტრამდე სიმაღლეზე და 60 კილომეტრამდე მანძილზე. ევროპაში მხოლოდ გერმანიას, ესპანეთსა და ნიდერლანდებს აქვთ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.
21 დეკემბერს შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა უკრაინისთვის 1,85 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ, რომელიც პირველად ითვალისწინებს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემას. ამის შემდეგ გერმანიაც დაჰპირდა უკრაინას Patriot-ით უზრუნველყოფას.
ამ კვირაში ასამდე უკრაინელი ჯარისკაცი ჩავიდა აშშ–ში, ოკლაჰომას ბაზაზე Patriot-ის მართვის შესასწავლად.