
უკრაინის თავდაცვის მინისტრი განმარტავს, როდის იქნებია არმია მზად Patriot–ის გამოყენებისთვის
18/01/2023 07:38:46 ევროპა
უკრაინელი სამხედროების წვრთნა შეერთებულ შტატებში Patriot–ის საზენიტო-სარაკეტო სისტემების გამოყენების თაობაზე 10 კვირა გაგრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა 17 იანვარს განაცხადა.
„ადრე ვერც კი ვიოცნებებდით, რომ მოგვცემდნენ, მაგალითად, Patriot–ს, რომლის ღირებულებაც მილიარდი დოლარია, მომზადება კი, რომელიც 10 თვეს შეადგენს – მინიმალურია. დღეს მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ოფიცრები 10 კვირაში გადამზადდებიან. ასეთი ვალდებულებები ამერიკელმა პარტნიორებმა აიღეს“, - ციტირებს მინისტრი გამოცემა „არმიაინფორი“.
17 იანვარს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ 100-ზე მეტი უკრაინელი ჩავიდა აშშ–ში სწავლებისთვის.
21 დეკემბერს შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა უკრაინისთვის 1,85 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ, რომელიც პირველად ითვალისწინებს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემას. ამის შემდეგ გერმანიაც დაჰპირდა უკრაინას Patriot-ით უზრუნველყოფას. 17 იანვარს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები უკრაინას Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს გადასცემს.
17 იანვარს ვიდეომიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინას უკვე გარანტირებული აქვს Patriot-ის სამი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი და რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.