
გერმანია უკრაინისთვის Leopard–ების მიწოდების შესახებ განაცხადებს – მედია
18/01/2023 14:32:26 ევროპა
პოლონეთი მოელის, რომ ევროპელი მოკავშირეები 100-მდე გერმანულ თანამედროვე ტანკს Leopard–ს მიაწვდიან უკრაინას სამხედრო დახმარების სახით. ამის შესახებ „ბლუმბერგს“ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ დავოსში განუცხადა, სადაც ის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში იმყოფება.
მანამდე პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ ქვეყანა უკრაინას გადასცემს დაახლოებით 14 Leopard–ს, თუმცა პოლონეთი ვერ მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას Leopard–ის მწარმოებელი ქვეყნის – გერმანიის თანხმობის გარეშე.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა სამშაბათს განაცხადა, რომ ის მოლაპარაკებებს აწარმოებს მოკავშირეებთან უკრაინაში ხსენებული ტანკის შესაძლო მიწოდების შესახებ.
„რამდენიმე კვირის წინ ველაპარაკე ოლაფ [შოლცს] და ვეცადე, დამერწმუნებინა, რომ მეტი გააკეთოს“- უთხრა მორავიეცკიმ „ბლუმბერგს“ დავოსში და განაგრძო, „ჩვენ დაჯავშნული გვაქვს 14 ტანკი, ასევე ველოდებით Leopard–ებს დანიიდან, ფინეთიდან და გერმანიიდან, ასევე ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან“.
გერმანიის მთავრობამ შესაძლოა, ათეულობით Leopard–ისტანკი გახსნას უკრაინისთვის. ასეთი ტანკები ემსახურება ევროკავშირის თორმეტ ქვეყანას, მათ შორის ესპანეთს, პოლონეთს, საბერძნეთს, დანიასა და ფინეთს. კანცლერი შოლცი შიშობდა, რომ კრემლი ამას კონფლიქტის ესკალაციად აღიქვამს. თუმცა, გერმანიის ხელისუფლებამ მაინც გადაწყვიტა ასეთი ნაბიჯის გადადგმა, – წერს „ბლუმბერგი“ სამთავრობო დისკუსიების მცოდნე ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. მათი თქმით, ბერლინი ამის შესახებ 20 იანვარს რამშტეინის ბაზაზე, კიევის მოკავშირეების შეხვედრაზე გამოაცხადებს.
თავის წვლილს შეიტანს დიდი ბრიტანეთიც ჩელენჯერ 2-ის 12 მთავარი საბრძოლო ტანკის გაგზავნით, რის შესახებაც უკვე გამოაცხადა პრემიერ– მინისტრ რიში სუნაკის ოფისმა. ჩელენჯერ 2 იყო პირველი თანამედროვე ტანკი, რომლის უკრაინისთვის მიწოდებასაც ნატოს წევრი ქვეყანა დასთანხმდა. გარდა ამისა, საფრანგეთის ხელისუფლება მიაწვდის APU AMX-10 RC-ს. ის ითვლება მსუბუქ ტანკად და შექმნილია მოწინააღმდეგის ჯავშანტრანსპორტიორთან გასამკლავებლად.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021