
რუსეთის შეტევა მოგერიებულია 14 დასახლებულ პუნქტთან – უკრაინის გენშტაბი
19/01/2023 06:07:14 ევროპა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 25 საავიაციო დარტყმა და 85-ზე მეტი შეტევა განახორციელეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.
გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგე საარტილერიო შეტევას განაგრძობდა ლუგანსკის, დონეცკის, ჩერნიგოვის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების დასახლებულ პუნქტებზე.
უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გავრცელებული ანგარიშით, გასულ 24 საათში რუსეთის ჯარების შეტევა მოგერიებულია ლუგანსკის ოლქის 1 და დონეცკის ოლქის 13 დასახლებული პუნქტის რაიონში, მათ შორის ბახმუტსა და სოლედართან.
უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ გასულ 24 საათში თავდაცვის ძალების ავიაციამ 13 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის თავმოყრის რაიონებზე და 3 დარტყმა - საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე. ჩამოაგდეს ერთი რუსული ვერტმფრენი და ერთი უპილოტო საფრენი აპარატი. გენერალური შტაბის ცნობითვე, სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 5 რაიონი, მართვის 3 პუნქტი და საბრძოლო მასალების საწყობი.