
ჩეჩნეთის ერთ–ერთი სოფლიდან 25 ადამიანი გაიტაცეს
19/01/2023 07:52:32 კავკასია
ადამიანის უფლებათა ცენტრმა „მემორიალმა“ დაადასტურა „კადიროველების“ მიერ ჩეჩნეთის სოფელ ალხან-კალადან 8 იანვარს დაახლოებით 25 მაცხოვრებლის გატაცება. მანამდე 14 გატაცებულის სახელები და გვარები ჩეჩენი ოპოზიციონერების ტელეგრამ–არხებზე 1ADAT–სა და NIYSO–ზე გამოქვეყნდა.
„მემორიალის“ ინფორმაციით, გატაცებები 7 იანვრის საღამოს დაიწყო და რამდენიმე საათს გაგრძელდა. „კადიროველებმა“ არ წარადგინეს თავი, უარი თქვეს, ეპასუხათ გატაცებულთა ახლობლების კითხვებზე, თუ რომელ დანაყოფს მიეკუთვნებოდნენ ისინი და გატაცებული მამაკაცები გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
17 იანვრის მდგომარეობით, გატაცებულთა ახლობლებმა დაკავების მიზეზების, გატაცებულთა ადგილსამყოფებისა და მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ. არსებობს ვერსია, რომ ისინი შესაძლოა, გროზნოს ოქტიაბრსკის რაიონის პოლიციის სამმართველოში იმყოფებოდნენ, სადაც ისინი უკანონოდ ჰყავთ გადაყვანილი. ჩეჩნეთის შსს კომენტარს არ აკეთებს.
გატაცებულთა შორის არიან ძმები ხამზათ და ლეჩა სოლსაევები. მათი ახლობლები ამბობენ, რომ სოლსაევებს გროზნოში აწამებენ რესპუბლიკის ხელისუფლების კრიტიკის გამო. ანალოგიურ მდგომარეობაშია კიდევ ერთ გატაცებული უსმან მუსაევი. მოგვიანებით მისი ახლობლებიც გაიტაცეს.
ევროპაში მცხოვრები ჩეჩნების მიერ დაარსებული ორგანიზაციის „ერთიანი ძალა“ თავმჯდომარის ჯამბულატ სულეიმანოვის ინფორმაციით, გატაცებულები მეზობლები არიან და წაიყვანეს იმიტომ, რომ „თითქოს ისინი ეწვივნენ "არასანდო" ინტერნეტ რესურსს." სულეიმანოვი მიიჩნევს, რომ „კადიროველები“ ალხან-კალადან გატაცებულ ადამიანებს „ანტისახელმწიფოებრივ უჯრედად“ განიხილავენ.