
ირაკლი ღარიბაშვილი:"Adani Group-ის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ენერგეტიკის სხვა სფეროებში ინვესტირების პერსპექტივები განვიხილეთ"
19/01/2023 10:41:30 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში შეხვედრებს აგრძელებს. მთავრობის მეთაური Adani Group-ის თავმჯდომარეს გაუტამ ადანის შეხვდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო კონკრეტული მიმართულებებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. გაუტამ ადანი ენერგეტიკული და სატრანსპორტო-ლოგისტიკური სფეროებით დაინტერესდა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული მიმართულებით საქართველოს დიდ პოტენციალსა და რესურსებზე ისაუბრა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Adani Group-ის თავმჯდომარესთან გაუტამ ადანისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.
მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ენერგეტიკის სხვა სფეროებში ინვესტირების პერსპექტივები განიხილეს.
“ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა მრავალეროვნული კონგლომერატის Adani Group-ის დამფუძნებელთან და თავმჯდომარესთან გაუტამ ადანისთან. განვიხილეთ ისეთ სფეროებში ინვესტირების პერსპექტივები, როგორიცაა ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ენერგეტიკა, სხვ. ხაზი გაესვა საქართველოს მიერ ბიზნესისთვის შეთავაზებულ ძალიან კარგ შესაძლებლობებს”,-აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
2022 წელს გაუტამ ადანი მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანად დასახელდა. მისი ქონება 155 მილიარდ დოლარს აღემატება.
Adani Group 50 ქვეყანაში ოპერირებს, კომპანიაში დასაქმებულია 23000 ადამიანი.
Held productive meeting w/ Mr. @gautam_adani, chairman of the Adani Group. Discussed prospects for investing in areas such as transport, logistics, energy, etc. Highlighted lucrative opportunities 🇬🇪 offers to business companies. pic.twitter.com/0j5TNFpFit
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) January 19, 2023