
უკრაინის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ქვეყნის არმიის საჭიროებების შესახებ
19/01/2023 13:47:20 ევროპა
უკრაინის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრემა – დიმიტრო კულებამ და ოლექსი რეზნიკოვმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების აუცილებლობის შესახებ.
„ამ დრომდე ბევრი რამ გაკეთდა უკრაინის თავდაცვის პოტენციალის გასაძლიერებლად. ჩვენი სახელმწიფო მადლობას უხდის ორმოცდაათზე მეტ პარტნიორ სახელმწიფოს პრაქტიკული სამხედრო დახმარებისთვის. თუმცა, რუსეთი ინარჩუნებს მნიშვნელოვან უპირატესობას სამხედროების, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის რაოდენობით. რუსული ჯარები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს აღმოსავლეთ უკრაინაში. კრემლი აპირებს, კიდევ უფრო გააძლიეროს საომარი მოქმედებები. უკრაინის წინააღმდეგ ომში წარუმატებლობისთვის რუსეთის შურისძიების მცდელობა, რუსული ძალების ახალი სრულმასშტაბიანი შეტევის საფრთხის ჩათვლით, ძალიან რეალურია. ამიტომ, მივმართავთ ყველა პარტნიორ სახელმწიფოს, რომლებმაც უკვე გაუწიეს სამხედრო დახმარება ან გეგმავენ მის გაწევას, მოწოდებით, მნიშვნელოვნად გაზარდონ თავიანთი პრაქტიკული წვლილი უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, ეს დახმარება ხარისხობრივად ახალ დონეზე გადაიყვანონ“, – ნათქვამია განცხადებაში.
მინისტრების თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და გადაუდებელი საჭიროება დღეს არის თანამედროვე ჯავშანტექნიკა და დასავლური ტანკები:
„მივმართავთ იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც აქვთ Leopard 2–ის ტანკები, მათ შორის – საბერძნეთს, დანიას, ესპანეთს, კანადას, ნიდერლანდებს, გერმანიას, ნორვეგიას, პოლონეთს, პორტუგალიას, თურქეთს, ფინეთს, შვედეთს. ჩვენ გარანტიას ვიძლევით, რომ ამ იარაღს გამოვიყენებთ პასუხისმგებლობით და ექსკლუზიურად უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მივმართავთ ყველა ამ და სხვა სახელმწიფოებს, რომლებსაც აქვთ შესაბამისი შესაძლებლობები, შეუერთდნენ უკრაინის მხარდასაჭერად საერთაშორისო სატანკო კოალიციის შექმნის ინიციატივას და თავიანთი პრაქტიკული წვლილი შეიტანონ ამ ინიციატივაში“.
უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განცხადება გაავრცელეს „რამშტაინის“ ფორმატში მერვე შეხვედრის წინ, რომელიც 20 იანვარს არის დაგეგმილი. ეს იქნება უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის პირველი შეხვედრა 2023 წელს.