
ესტონეთში რუსეთის საელჩო ტალინს "მტრულ" ქმედებებში ადანაშაულებს
19/01/2023 14:17:46 ევროპა
ესტონეთში რუსეთის საელჩო ამტკიცებს, რომ ტალინის "მტრულმა" ქმედებებმა გამოიწვია საკონსულოს მომსახურების შეფერხება.
"ესტონეთის ხელისუფლების მტრულმა ქმედებებმა, რომლებიც მიზანმიმართულად აფერხებდნენ რუსეთის დიპლომატიური მისიისა და მისი საკონსულო განყოფილების ფუნქციონირებას, სამწუხაროდ, წარუმატებლობამდე მიგვიყვანა... ამჟამად საელჩოს საკონსულო განყოფილება იძულებულია, განახორციელოს მხოლოდ გადაუდებელი ქმედებები", - განაცხადა დიპლომატიურმა მისიამ.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ განცხადებების მიღება დროებით შეწყვიტა.
საელჩომ აღნიშნა, რომ რეორგანიზაციის შემდეგ აღდგება მოქალაქეთა მიღება, რაც დაგეგმილია თებერვალში.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ესტონეთმა დახურა რუსეთის საკონსულო ნარვაში და რუსეთის საელჩოს საკონსულო განყოფილების ოფისი ტარტუში. ამის საპასუხოდ, რუსეთმა დახურა ესტონეთის საკონსულოები სანკტ-პეტერბურგში და ფსკოვში.
იანვრის დასაწყისში ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცნობა რუსეთის ელჩს ვლადიმერ ლიპაევს, რომ აუცილებელია, 1 თებერვლიდან რუსი დიპლომატების რაოდენობა რვამდე შემცირდეს. „გადაწყვეტილება მიღებულ იქნა პარიტეტის მისაღწევად“, - განაცხადა დეპარტამენტის უფროსმა ურმას რეინსალუმ.
ესტონეთი არ იძლევა ორმაგ მოქალაქეობას. ქვეყნის მოქალაქეობის მიღების მსურველებმა უარი უნდა თქვან წინა მოქალაქეობაზე. გასულ წელს რუსების მხრიდან ესტონეთის მოქალაქეობის მისაღებად განაცხადების რაოდენობა ორნახევარჯერ გაიზარდა: შესაბამის უწყებაში შევიდა 726 განაცხადი, ხოლო ერთი წლით ადრე - 290.