
შარლ მიშელი: "შესაძლოა, შემდეგი კვირები გადამწყვეტი გახდეს ამ ომში"
19/01/2023 15:40:12 ევროპა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება, რადგან შემდეგი კვირები შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს მიმდინარე ომში.
შარლ მიშელმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გაიხსენა, რომ ევროკავშირმა ძალიან სწრაფად მიიღო უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გადაწყვეტილება:
„ეს მოხდა პირველად ევროკავშირის ისტორიაში - ფართომასშტაბიანი შეჭრის პირველსავე საათებსა და დღეებში ჩვენ უკრაინას მძიმე შეიარაღება გამოვუგზავნეთ. უკანასკნელ პერიოდში უკრაინა იღებს მძიმე შეიარაღებას, საჰაერო თავდაცვის სისტემებს. ვფიქრობ, რომ ეს უნდა გაგრძელდეს. ჩვენ გვსურს, ამაში მხარი დაგიჭიროთ, რადგან შესაძლოა, შემდეგი კვირები გადამწყვეტი გახდეს ამ ომში. სწორედ ამიტომ საჭიროა მსგავსი გადაწყვეტილებები“,- განაცხადა შარლ მიშელმა.
მან ამასთან აღნიშნა,რომ ევროკავშირი პირველად ახდენს სამხედრო სწავლების უპრეცედენტო შესაძლებლობების მობილიზებას 15 ათასი უკრაინელი სამხედროსთვის.
„თქვენ შეგიძლიათ დაეყრდნოთ ევროკავშირს - ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით თქვენთან მხარდამხარ, იმიტომ, რომ ჩვენ საერთო ოცნებას ვიზიარებთ“,- განაცხადა შარლ მიშელმა.
ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის არმიისთვის ტანკების მიწოდების აუცილებობაზე გაამახვილა ყურადღება:
„ტანკების საკითხი აქტუალური და ძალიან მგრძნობიარე რჩება. ის დამოკიდებულია ბევრ მიზეზზე და სამწუხაროდ, დამოკიდებული არ არის უკრაინის სურვილზე. რუსეთის ფედერაციის ათასობით ტანკის წინააღმდეგ ჩვენი სამხედროების სიმამაცე და უკრაინელი ხალხის მოტივაცია საკმარისი არ არის“.
პრეზიდენტის თქმით, „პოლონეთი მზად არის, ასევე ფინეთი, პორტუგალია, ესპანეთი და კიდევ საკმარისი რაოდენობა ქვეყნებისა, რომ უკრაინა ტანკებით უზრუნველყონ.ჩვენ ველით იმ ქვეყნის ნებართვას, რომელსაც აქვს ამა თუ იმ შესაბამის ლიცენზიებზე უფლება“.
ამასთან, ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ უკრაინას არა მხოლოდ პარტნიორების დახმარების იმედი აქვს, არამედ მუშაობს საკუთარი იარაღის წარმოებაზე.
„საკმარისია თუ არა ის რასაც გვაძლევენ ? არა, არ არის საკმარისი. არ არის საკმარისი იმისთვის, რომ უფრო სწრაფად ვიმოქმედოთ. სისწრაფე და დრო მნიშვნელოვანია. ყოველი წუთი - ადამიანია. რაც უფრო სწრაფად შევძლებთ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციას, მით რაც უფრო სწრაფად შევძლებთ, ვიყოთ უფრო ძლიერები, მით მეტ მოქალაქეს შევინარჩუნებთ“,- განაცხადა ზელენსკიმ.