უკრაინის საგარეო უწყება:  „თბილისმა და მოსკოვმა რევერანსები გაცვალეს“

19-01-2023 21:15:20

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ოლეგ ნიკოლენკო ეხმაურება რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სერგეი ლავროვისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებებს.

„საქართველოს მმართველი პარტიის ხელმძღვანელი მიესალმა თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენას. ეს განცხადება მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ საქართველოს მთავრობის შექების შემდეგ გააკეთა, რომელიც ეხებოდა, უკრაინის მიმართ აგრესიის გამო, რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებთან მიერთებაზე უარის თქმას.

ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დაუსჯელი დანაშაულისა და საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის ფონზე, თბილისმა და მოსკოვმა რევერანსები გაცვალეს. ჩვენ, ასევე, მიგვაჩნია, რომ ასეთი პრორუსული რიტორიკა არ შეესაბამება უკრაინასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული და სტრატეგიული თანამშრომლობის სულისკვეთებას. ის ეწინააღმდეგება საქართველოს კურსს ევროკავშირში გაწევრების შესახებ", - ვკითხულობთ ნიკოლენკოს განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 18 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე შეაქო საქართველოს მთავრობა:

„მოხარული ვარ, რომ საქართველოსთან ხალხს შორის კონტაქტი აქტიურად ვითარდება. ის, რომ გასულ წელს საქართველოს მშპ 10%-ით გაიზარდა, მნიშვნელოვანწილად რუსეთის ფედერაციასთან ტურისტული და სავაჭრო ურთიერთობის შედეგია. ვიმედოვნებ, რომ მალე პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას შევძლებთ. ვხედავთ, რომ საქართველო, ისე როგორც პრაქტიკულად ყველა სხვა ქვეყანა, დასავლეთის მხრიდან ზეწოლას განიცდის, რომლებიც მოითხოვენ ღიად და საჯაროდ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებას და ის, რომ პატარა ქვეყანას და მის ხელმძღვანელობას ჰყოფნის ვაჟკაცობა თქვას, რომ ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ჩვენი ინტერესებით, ჩვენი ეკონომიკის ინტერესებით, ეს პატივისცემას იწვევს“.

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენის საკითხზე ისაუბრა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

მან ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა, რომ ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის:

„ჩვენი მოქალაქეები, ეთნიკურად ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები, მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და მათ ძალიან გაურთულა 2019 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ მდგომარეობა. თუ ფრენები აღდგება, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება. როდესაც საქმე ეხება ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის შემსუბუქებას, ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება ჩვენთვის მისასალმებელია“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები