Accentnews.ge
სერბეთში „ვაგნერს“ უჩივლეს

სერბეთში „ვაგნერს“ უჩივლეს

19/01/2023 19:32:35 ევროპა

სერბეთში სარჩელი შეიტანეს რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ წინააღმდეგ. მიზეზი უკრაინის ომისთვის სერბების გადაბირებაა,– წერს Reuters.

ბელგრადელი ადვოკატის ჩედომერ სტოიკოვიჩის თქმით, ბრალდებულებს შორის არიან რუსეთის ელჩი სერბეთში ალექსანდრე ბოცან-ხარჩენკო და ალექსანდრე ვულინი – სერბეთის უსაფრთხოებისა და ინფორმაციის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი.

„გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ვულინმა... გასცა ბრძანებები, დირექტივები და მითითებები, რომ წინააღმდეგობა არ გაეწიათ „ვაგნერის“ საქმიანობისთვის სერბეთში“, - თქვა ადვოკატმა.

მისივე თქმით, ბოტან-ხარჩენკოს წინააღმდეგ სერბეთში დიპლომატიური იმუნიტეტის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ვერ დაიწყება, მაგრამ მან ქვეყანა უნდა დატოვოს.

მანამდე სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა მოითხოვა „ვაგნერისგან“, შეწყვიტოს სერბების გადაბირება და თქვა, რომ მათ ამის უფლებას არ მისცემს.

დეკემბერში „ვაგნერმა“ გამოაცხადა „რუსულ-სერბული კულტურული და საინფორმაციო ცენტრის“ დაფუძნების შესახებ. მოგვიანებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა დერეკ ჩოლემ განაცხადა, რომ ვაშინგტონი შეშფოთებულია სერბეთში რუსული კერძო სამხედრო კომპანიის აქტიურობით.

იანვრის შუა რიცხვებში „რია ნოვოსტი“ იტყობინებოდა, რომ პირველი „მოხალისეები“ სერბეთიდან ჩავიდნენ უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ნაწილში. თავდაცვის მინისტრმა მილოშ ვუჩევიჩმა გააფრთხილა, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. თავის მხრივ, „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ირწმუნება, რომ მის კომპანიაში სერბი მოქალაქეები „არ არიან და დიდი ხანია, არ ყოფილან.”

„ვაგნერი“არის რუსული არაოფიციალური სამხედრო დანაყოფი, რომელიც მონაწილეობს სახმელეთო ოპერაციებში სირიაში, აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში და უკრაინასთან ომში. „ვაგნერელები“ ეჭვმიტანილნი არიან უამრავ სამხედრო დანაშაულში, როგორც უკრაინაში, ასევე სხვა ქვეყნებში, სადაც ისინი მოქმედებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S