
შს მინისტრი: "მოქალაქე, რომელმაც სროლა დაიწყო, სახლში შვილთან ერთად იმყოფებოდა"
20/01/2023 01:50:52 სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მოქალაქე, რომელმაც საგარეჯოში სროლა დაიწყო, სახლში შვილთან ერთად იმყოფებოდა, რომელმაც ცეცხლის გახსნის შემდეგ სახლი დატოვა.
"ვერ ვხსნით ვერავინ რა მოხდა. მოქალაქემ, რომელმაც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაიწყო სროლა სახლიდან, იმყოფებოდა მისი შვილი სახლში, სრულწლოვანი ბიჭი. დაიწყო აივნის ერთი მხრიდან სროლა, მერე მეორე მხრიდან დაიწყო სროლა და ამ ბავშვმა დატოვა სახლი, გამოვიდა. და შემდეგ პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, და დაიწყო მეორე მხრიდან სროლა და დაიჭრა ჩვენი თანამშრომელი. იგი გადაყვანის დროს საავადმყოფოში დაიღუპა", - განაცხადა გომელაურმა.
გომელაური ამბობს, რომ ამ დროისთვის შვილის გამოკითხვა მიმდინარეობს.
"შვილი ვერაფერს გვიყვება, რომ გამოვიქეცი სახლიდან, წინა მხარეს უკვე ბიჭები იყვნენ ძირსო. მე გამოვიქეციო. ახლა მისი გამოკითხვა მიმდინარეობს", - განაცხადა შს მინისტრმა.