
შს მინისტრი განმარტავს, რა ვითარებაში განახორციელა საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა თვითლიკვიდაცია
20/01/2023 02:09:17 სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური განმარტავს, რა ვითარებაში განახორციელა საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსის ბინაში შეიარაღებულმა პირმა თვითლიკვიდაცია.
როგორც გომელაურმა საგარეჯოში, სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გასროლის ხმა მაშინ გაისმა, „როცა სპეცდანიშნულების რაზმმა კარი შეაღო“.
მინისტრის თქმით, სპეცოპერაციის დაწყებამდე შეიარაღებულ პირს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც მან დამატებითი გასროლა მოახდინა.
„სპეცდანიშნულების რაზმი ჩამოვიდა, დაიწყეს ღონისძიება. ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. მან დამატებით რამდენიმე გასროლა მოახდინა.
როცა სპეცდანიშნულების რაზმმა კარები შეაღო, გასროლის ხმა იყო. საწოლზე იყო გადაწოლილი და ცეცხლსასროლი იარაღი გვერდზე ედო, რაც დააფიქსირეს ჩვენმა თანამშრომლებმა. თავიდან სისხლი მოსდიოდა. იქვე ნახეს ხელყუმბარის რგოლები - რამდენიმე რგოლი. შეიძლება ეს ყოფილიყო დანაღმული. შემდეგ მოვიდნენ გამნაღმველები. ახლა დაამთავრეს მათ მუშაობა“, - განაცხადა გომელაურმა.
შს მინისტრის თქმით, ტერიტორია ამ დროისთვის უსაფრთხოა.
მისი განცხადებით, მომხდარის შედეგად დაიღუპა 5 და დაიჭრა 5 ადამიანი.
„ძალიან მძიმე შემთხვევაა, მინდა მივუსამძიმრო ოჯახებს. დაღუპულია 5 ადამიანი, საიდანაც, სამწუხაროდ, 1 არის ჩვენი თანამშრომელი. 5 ადამიანი დაჭრილია, საიდანაც ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. მას ოპერაცია უტარდება და ექიმები ჯერ ვერ გვეუბნებიან, რა დონის სიმძიმეა. არტერია აქვს დაზიანებული და არ ვიცით, გადარჩება თუ ვერა. ღმერთმა ქნას გადარჩეს. ვერ ვხსნით, რა მოხდა", - განაცხადა შს მინისტრმა.