
გომელაური: "პირი, რომელმაც საგარეჯოში გასროლის შედეგად 5 ადამიანი მოკლა, 2006-2021 წლებში თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა"
20/01/2023 02:11:43 სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, პირი, რომელმაც საგარეჯოში გასროლის შედეგად 5 ადამიანი მოკლა, 5 კი დაჭრა, 2006-2021 წლებში თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა.
„თავდაცვის სამინისტროში 2006 წლიდან მუშაობდა. ოპერატიული ინფორმაციით, რომელიც დაგვიდასტურეს, 2021 წელს დატოვა სამხედრო სამსახური. ავღანეთის მისიაშიც ნამყოფია. რა მოხდა არავინ იცის“, - განუცხადა ჟურნალისტებს გომელაურმა, რომელიც საგარეჯოში, შემთხვევის ადგილზე ჩავიდა.
ამასთან, გომელაურმა ვერ დააკონკრეტა, რა მიზეზით დატოვა 1974 წელს დაბადებულმა პირმა სამხედრო სამსახური.
„ძალიან მძიმე შემთხვევაა, მინდა მივუსამძიმრო ოჯახებს. დაღუპულია 5 ადამიანი, საიდანაც, სამწუხაროდ, 1 არის ჩვენი თანამშრომელი. 5 ადამიანი დაჭრილია, საიდანაც ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. მას ოპერაცია უტარდება და ექიმები ჯერ ვერ გვეუბნებიან, რა დონის სიმძიმეა. არტერია აქვს დაზიანებული და არ ვიცით, გადარჩება თუ ვერა. ღმერთმა ქნას გადარჩეს. ვერ ვხსნით, რა მოხდა", - განაცხადა შს მინისტრმა.