
რუსეთის შეტევა მოგერიებულია 16 დასახლებულ პუნქტთან – უკრაინის გენშტაბი
20/01/2023 05:52:06 ევროპა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 9 სარაკეტო და 23 საავიაციო დარტყმა და 80-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.
გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგემ არტილერიიდან და ტანკებიდან დაცხრილა ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების დასახლებული პუნქტები.
უკრაინის არმიის სარდლობის დღილის ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ისევ მაღალია სამოქალაქო ობიექტებზე საავიაციო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, რუსეთის ჯარების შეტევა მოგერიებულია ზაპოროჟიეს ოლქის 2, ლუგანსკის ოლქის 2 და დონეცკის ოლქის 12 დასახლებული პუნქტის რაიონში, მათ შორის ბახმუტსა და სოლედართან.
უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში თავდაცვის ძალების ავიაციამ 21 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის თავმოყრის რაიონებზე და 7 დარტყმა - საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 8 რაიონი და მართვის 6 პუნქტი.