
პოლონეთი გერმანიას "არასტანდარტული" ნაბიჯის შესახებ აფრთხილებს Leopard 2–თან დაკავშირებით
20/01/2023 07:21:19 ევროპა
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, პაველ იაბლონსკი აცხადებს, რომ ქვეყანა მზადაა, განახორციელოს არასტანდარტული ქმედება, თუ გერმანია უკრაინისთვის Leopard-ის ტანკების გადაცემის წინააღმდეგი იქნება, - იუწყება Reuters.
ამასთან, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ მიანიშნა, რომ პოლონეთმა შესაძლოა, უკრაინას Leopard 2-ის ტანკები უფრო ფართო კოალიციის ფარგლებში, თუნდაც გერმანიის თანხმობის გარეშე, გაუგზავნოს.
„თანხმობა აქ მეორეხარისხოვანია, ჩვენ ამ თანხმობას ან სწრაფად მივიღებთ, ან ჩვენ თვითონ გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა“, - განაცხადა მორავიეცკიმ.
19 იანვარს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ამერიკელ კონგრესმენებს დავოსში განუცხადა, რომ ბერლინი გადასცემს კიევს მძიმე ტანკებს, თუ აშშ თავის „აბრამსის“ ტანკებს გაგზავნის. თეთრ სახლში გერმანიის საპასუხოდ თქვეს, რომ თითოეულმა ქვეყანამ დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოს სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ. რაც შეეხება „აბრამსების“ მიწოდებას, პენტაგონში თვლიან, რომ ახლა ამას აზრი არ აქვს: „აბრამსთან“ დაკავშირებით პრობლემა უფრო მოვლა-პატრონობას ეხება. ეს არის ტანკი, რომელსაც სჭირდება საავიაციო საწვავი, ხოლო „ლეოპარს“ და „ჩელენჯერს“ განსხვავებული ძრავები აქვთ – მათ სჭირდებათ დიზელი, მათი შენარჩუნება უფრო ადვილია, მათ დიდ ტერიტორიაზე შეუძლიათ მანევრირება, ვიდრე საწვავის შევსება დასჭირდებათ“.
ევროპის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის პოლონეთმა და ფინეთმა, გამოთქვა მზადყოფნა, მიაწოდოს უკრაინას გერმანული Leopard 2–ის ტანკები. თუმცა, ამისთვის მათ სჭირდებათ ნებართვა გერმანიიდან.
უკრაინის პრეზიდენტმა 19 იანვარს კიდევ ერთხელ აღნიშნა კიევისთვის სამხედრო მანქანების მიწოდების დაჩქარების მნიშვნელობა, რადგან „ყოველი წუთი არის ადამიანი“. პოლიტიკოსის თქმით, რაც უფრო სწრაფად შეძლებს უკრაინის არმია ტერიტორიების დეოკუპაციას, უკრაინა მით მეტ საკუთარ მოქალაქეს გადაარჩენს.