
სამი საკითხი, რომელიც ანაკლიის პორტის აშენებას აბრკოლებს
30/10/2019 10:06:23 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, ეკონომიკა
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვედიანმა პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე იმ სამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც, მისი თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას აბრკოლებს:
- ყველა ინვესტორი ითხოვს მთავრობისგან მხარდაჭერას, რაც არ არის.
- კომპანია „ესესეი მარინი“ ითხოვს, მთავრობამ არ გაუწიოს კონკურენცია სხვა ღრმაწყლოვან პორტში ინვესტირებით, სანამ ანაკლია არ მიაღწევს 70 პროცენტით უტილიზაციას.
- ბანკები ითხოვენ გარანტიას სესხის ნაწილობრივ გადახდაზე. ეს არ ემსახურება ანაკლიის ინვესტორების კომერციული რისკის დაზღვევას.
„ჩვენ ზაფხულში მთავრობას შევთავაზეთ მექანიზმი - კონსორციუმის ინვესტორები 50 მილიონი დოლარით მიიღებდა [სესხის გარანტიაში] მონაწილეობას, ევროკავშირიც - 50 მილიონი დოლარით. ევროკავშირმა მოითხოვა, იგივე თანხით მთავრობასაც მიეღო მონაწილეობა. ეს თანხა, ღრმად ვარ დარწმუნებული, ათვისებული საერთოდ არ იქნება, მაგრამ რომც იყოს, თანხა პროექტს დაერიცხება სესხად და გასტუმრებული იქნება გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ვთვლით, რომ ამ სამი საკითხის გადაჭრის შედეგად პროექტი განხორციელდება. სამწუხაროდ, აქამდე ვერ მოხერხდა მთავრობის ჩართვა აზრიან მოლაპარაკებებში“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა და დასძინა: „წლის ბოლომდე არსებული ვადა ჩვენთვის, კონსორციუმისთვის სრულიად არაადეკვატურია. ზოგადად ვადაზე საუბარი არის არაკონსტრუქციული. იმ საკითხების მოსაგვარებლად, რომლებიც ამ ეტაპზე გადასაჭრელია, მინიმუმ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საუბარია იმ მოთხოვნებზე, რომლებსაც ბანკები, ოპერატორი და ინვესტორები აყენებენ“, – განაცხადა ახვლედიანმა.