
რუსეთთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 52%-ით გაიზარდა: TOP–5 საექსპორტო და საიმპორტო საქონელი
20/01/2023 08:14:24 ეკონომიკა
საქსტატმა დღეს 2022 წლის საგარეო ვაჭრობის ამსახველი სრული ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს #1 სავაჭრო პარტნიორი თურქეთია, მეორე – რუსეთი. თურქეთთან სავაჭრო ბრუნვამ 2.8 მილიარდი დოლარი შეადგინა (ზრდა 30%–ია), ხოლო რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა 52%-ით გაიზარდა (2.5 მილიარდამდე). 79%-ით გაიზარდა იმპორტი და ის რეკორდული 1.83 მილიარდი დოლარი იყო. 6.8%-ით (651 მილიონ დოლარამდე) გაიზარდა საქართველოს ექსპორტი რუსეთში. ამრიგად, როგორც ოფიციალური დოკუმენტიდან ირკვევა, საქართველომ ოკუპანტ ქვეყანასთან სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები გააფართოვა.
იმპორტის ზრდის წამყვანი მიზეზი საქართველოს რუსულ ნავთობპროდუქტებზე გადასვლა იყო: თუკი 2021 წელს ქვეყანამ $135 მილიონი დოლარის 225 ათასი ტონა საწვავი შეიძინა, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 623 მილიონ დოლარამდე (657 ათას ტონამდე) გაიზარდა. 21 მილიონი დოლარით, 112 მლნ-მდე არის გაზრდილი რუსული გაზის იმპორტიც.
საქართველოს ტოპ–5 საექსპორტო საქონელი რუსეთში:
- ღვინოები - $161 მილიონი, ზრდა 23%;
- ფეროშენადნობები - $109 მილიონი, კლება 37%;
- მსუბუქი ავტომობილები (რეექსპორტი) - 76 მილიონი, ზრდა 338%;
- სპირტიანი სასმელები - $57 მილიონი, ზრდა 38%;
- მინერალური და მტკნარი წყლები - $51 მილიონი, კლება 16%.
საქართველოს ტოპ–5 საიმპორტო საქონელი რუსეთიდან:
- ნავთობპროდუქტები - $623 მლნ, ზრდა 361%;
- ბუნებრივი აირი (მათ შორის ავტოგაზი) - $112 მილიონი, მატება 24%;
- ხორბლის ფქვილი - $67 მლნ, მატება 478%;
- ხორბალი - $62 მილიონი, კლება 29%;
- კოქსი და ნახევარკოქსი (ქვანახშირი) - $59 მილიონი, ზრდა 152%.