Accentnews.ge
1 მილიონზე მეტი ფრანგი გავიდა ქუჩაში საპროტესტოდ

1 მილიონზე მეტი ფრანგი გავიდა ქუჩაში საპროტესტოდ

20/01/2023 09:33:00 ევროპა

საფრანგეთში საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდის წინააღმდეგ ქუჩებში 1,1 მილიონი ადამიანი გამოვიდა. ასეთი მონაცემები საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროტესტის დღის შედეგების შემდეგ გაავრცელა.

პროფკავშირები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ საპროტესტო აქციებს, ვარაუდობენ, რომ 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა დემონსტრაციებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათგან 400 000–მა – პარიზში.

პარიზის პოლიციამ განაცხადა მსვლელობისას 38 ადამიანი დაკავების შესახებ. ასევე ახსენეს რამდენიმე მცირე ინციდენტი, როდესაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ზოგადად, პარიზში წვიმაში მსვლელობამ მშვიდობიანად ჩაიარა.

საფრანგეთში სახალხო გაფიცვის დღეს შეფერხდა სკოლებისა და ტრანსპორტის მუშაობა, შემცირდა ელექტროენერგიის გამომუშავება, შეჩერდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში მიწოდება. გარდა ამისა, დაიხურა ლუვრისა და ვერსალის სასახლის რამდენიმე საგამოფენო დარბაზი და ეიფელის კოშკმა გააფრთხილა მუშაობის შესაძლო შეფერხების შესახებ.

საპროტესტო აქციების დროს ბარსელონაში, სამიტზე იმყოფებოდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელიც საპენსიო რეფორმის მთავარ ინიციატორია. მან მოსახლეობის უკმაყოფილება აღიარა, თუმცა აღნიშნა, რომ რეფორმა აუცილებელია „საფრანგეთის პენსიების გადარჩენისთვის“.

საფრანგეთის შრომის სამინისტროს შეფასებით, რეფორმა ყოველწლიურად დაზოგავს თითქმის 18 მილიარდ ევროს. ქვეყნის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ პენსიაზე მოქალაქეების მოგვიანებით გასვლა სისტემის გადახდისუნარიანობის შენარჩუნების ერთადერთი გზაა. პროფკავშირები გამოდიან შეთავაზებით, რომ მდიდრებისთვის დამატებითი გადასახადები დაწესდეს ან დამსაქმებლებისთვის ხელფასებიდან გამოქვითვები გაიზარდოს.

გამოკითხვები აჩვენებს, რომ ფრანგების დაახლოებით 60% ეწინააღმდეგება მაკრონის რეფორმას, ხოლო 46% მზადაა, შეუერთდეს საპროტესტო აქციებს. გუშინდელი დემონსტრაციების მასიურობით წახალისებულმა პროფკავშირებმა 31 იანვარს ახალი გაფიცვები და აქციები დააანონსეს.

საფრანგეთის მთავრობა კანონპროექტს სავარაუდოდ, 23 იანვარს წარადგენს. თებერვალში დოკუმენტი პარლამენტში გადავა. მაკრონი იმედოვნებს, რომ კონსერვატორების მხარდაჭერას მოიპოვებს, რათა კანონპროექტი დაამტკიცოს. ოპოზიციური პარტიების უმეტესობა, მათ შორის მემარცხენე და უკიდურესი მემარჯვენეები ეწინააღმდეგება პროექტს.

საპენსიო რეფორმას მაკრონის პრეზიდენტობის სერიოზულ გამოცდას უწოდებენ. 2019 წელს მაკრონმა უკვე სცადა მისი გატანა ასევე ხანგრძლივი გაფიცვების და პროტესტის ფონზე. შემდეგ მაკრონის გეგმები ჩაშალა COVID-19-ის პანდემიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S