
ფინეთი უკრაინას 400 მილიონი ევროს დახმარების პაკეტს გამოუყოფს
20/01/2023 09:59:06 ევროპა
ფინეთის მთავრობამ უკრაინისათვის 400 მილიონი ევროს (434 მილიონი დოლარი) მოცულობის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადა.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს 20 იანვრის განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინისათვის განკუთვნილი სამხედრო დახმარება მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება და 590 მილიონ ევროს მიაღწევს. ამასთან, ფინეთის სამხედრო უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დახმარების კომპლექტში არ იქნება გერმანული წარმოების Leopard 2-ის ტანკები. რეექსპორტს გერმანიის თანხმობა სჭირდება, რაზეც ქვეყანა ჯერ–ჯერობით უარს აცხადებს.
დღეს20 იანვარს, გერმანიაში, რამშტაინის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე გაიმართება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად შეერთებული შტატების ინიციატივით შექმნილი საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა. სხდომაზე განიხილება უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო ტექნიკის, მათ შორის – Leopard 2-ის გადაცემის საკითხი.
ხუთშაბათს გამართულ შეხვედრაზე ევროპის ცხრა ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს "ტალინის დეკლარაციას", რომლითაც აიღეს ვალდებულება, რომ შემდგომი სამხედრო დახმარება გაუწიონ რუსეთის წინააღმდეგ მეომარ უკრაინის არმიას. ხელმომწერებს შორის არიან: დიდი ბრიტანეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და პოლონეთის თავდაცვის მინისტრები, ასევე დანიის, ნიდერლანდის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის წარმომადგენლებმა.
"ამიტომ, ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ, ერთობლივად გავაგრძელოთ უპრეცედენტო დახმარება, კერძოდ, მოწინავე საბრძოლო ტანკების, მძიმე არტილერიის, საჰაერო თავდაცვის ტექნიკის, საბრძოლო მასალების და ქვეითი საბრძოლო მანქანების უკრაინის თავდაცვისთვის გადაცემის მიმართულებით", - ამბობენ "ტალინის დეკლარაციის" ხელმომწერები.
დანიამ განაცხადა, რომ უკრაინას გადასცემს თავის შეიარაღებაში არსებულ 19 ფრანგულ თვითმავალ ჰაუბიცა „სეზარს“, რომელიც ამ ტიპის იარაღებში საუკეთესოდ ითვლება მსოფლიოში. ესტონეთმა და ლიეტუვამ გამოაცხადეს რეკორდული დახმარების პაკეტები; ხოლო დიდი ბრიტანეთი აცხადებს, რომ სხვა სამხედრო დანიშნულების პროდუქციასთან ერთად, უკრაინას Brimstone-ის კლასის 600 რაკეტას გადასცემს.