
დეგნანი: „საქართველომ ბევრი რამ გააკეთა უკრაინის მხარდასაჭერად, ვფიქრობ, ყველა აცნობიერებს იმ სენსიტიურ ვითარებას, რომელშიც საქართველო იმყოფება“
20/01/2023 10:22:00 პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის ელჩს კელი დეგნანს ჟურნალისტებმა ჰკითხეს საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვისა და უკრაინელი დეპუტატის მიერ გაჟღერებულ მოწოდებაზე, მისცეს იარაღი საქართველომ უკრაინას.
კელი დეგნანის თქმით, რთული დროა, რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ, „ყველა დიდ სტრესსა და ზეწოლას განიცდის“.
ამასთან, მან აღნიშნა, „ჩვენ მუდმივად მოვუწოდებთ საქართველოსაც და უკრაინასაც, რომ მნიშვნელოვანი საკითხები პირადად განიხილონ და არა საჯაროდ“.
ელჩმა თქვა ისიც, რომ საქართველომ ბევრი რამ გააკეთა უკრაინის დასახმარებლად და „ყველა ძალიან კარგად აცნობიერებს იმ სენსიტიურ ვითარებას, რომელშიც საქართველო იმყოფება“:
„აშშ-მა სთხოვა ყველა თავის პარტნიორს და მოკავშირეს, ნახონ, რისი გაკეთებაა მათთვის მოსახერხებელი უკრაინის მხარდასაჭერად და საქართველომ ბევრი რამ გააკეთა, განსაკუთრებით ჰუმანიტარული თვალსაზრისით, საერთაშორისო ფორუმზე ხმის მიცემით. მნიშვნელოვანია, თითოეულმა ქვეყანამ გადაწყვიტოს, რისი გაკეთებაა მათთვის მოსახერხებელი. ვფიქრობ, ყველა ძალიან კარგად აცნობიერებს იმ სენსიტიურ ვითარებას, რომელშიც საქართველო იმყოფება, რადგან თქვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ასეთია კონტექსტი და ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს და უკრაინას, განიხილონ ეს საკითხი პირადად“.