
რა ჩვენება მისცა ტრამპისა და ზელენსკის საუბრის მოწმემ
30/10/2019 11:04:14 სხვა, მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და მისი უკრაინელი კოლეგის ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის საქმეზე ჩვენება მისცა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, რომელიც საუბარს უშუალოდ ესწრებოდა. სამხედრო ვეტერანი ალექსანდერ ვინდმენი თეთრი სახლის ექსპერტია უკრაინისა და რუსეთის საკითხებში.
მისი განცხადებით, ის იმდენად შეშფოთდა, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინელ კოლეგას ჯო ბაიდენის საქმის გამოძიება სთხოვა, რომ გადაწყვიტა ამის შესახებ თეთრი სახლის ადვოკატისთვის ეცნობებინა.
არმიის ლეიტენანტი-პოლკოვნიკი, ალექსანდერ ვინდმენი თეთრი სახლის წარმომადგენელთა შორის პირველი მოწმეა, რომელიც შტატების წარმომადგენელთა პალატაში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე დაიკითხა.
მოგვიანებით, დონალდ ტრამპი პროცესს „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. „რატომ აძლევენ ჩვენებებს ის ადამიანები, რომლთა შესახებაც არასდროს არაფერი მსმნენია? უბრალოდ წაიკითხეთ ტექსტი დაწვრილებით და იმპიჩმენტის თემაც დასრულდება. უკრაინამ განაცხადა, რომ ზეწოლა არ ყოფილა!“-აცხადებს ტრამპი.