
ღარიბაშვილის, ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრის საკითხი განიხილება - სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
20/01/2023 17:02:22 კავკასია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი შესაძლოა, თბილისში შეხვდნენ.
ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა სააგენტო „არმენპრესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„სომხეთი დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის სამმხრივი დიალოგის განვითარებით. ჩვენ განვიხილავთ თბილისის პლატფორმას რეგიონული სამმხრივი დისკუსიების შესაძლო არეალში და არა ორმხრივი სომხურ-აზერბაიჯანული შეხვედრების სფეროში. ამჟამად განიხილება სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრის იდეა. სომხურმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა და მზადაა ასეთი შეხვედრისთვის,“, - განაცხადა მკინისტრმა.
მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა შესთავაზა სომხეთს მოლაპარაკებების გამართვა თბილისში უმაღლეს დონეზე, მაგრამ ერევანმა შეხვედრაზე უარი განაცხადა.
„დიდად ვაფასებ ჩემი მეგობრის, ირაკლი ღარიბაშვილის ძალისხმევას, რომელმაც შეხვედრა გამართა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. ჩვენი წინადადება იყო, რომ ლიდერები შევხვედრილიყავით საქართველოში, რადგან ლიდერები ისტორიულად იკრიბებიან საქართველოში, მაგრამ სომხეთი ამისთვის არ არის მზად. ეს არის ერთ-ერთი პოტენციური რისკი, რადგან კავკასიის სამივე ქვეყანა თუ გააერთიანებს ძალისხმევას, ენერგიის, ტრანსპორტის, უსაფრთხოების, სტაბილურობის, საზღვრის დელიმიტაციის კუთხით, უფრო უსაფრთხო იქნება რეგიონი“, – განაცხადა ალიევმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში განაცხადა, რომ საქართველო, როგორც „ნეიტრალური და მიუკერძოებელი შუამავალი“, დაინტერესებულია სამი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის ორგანიზებით.