
მოლდოვამ შესაძლოა, ნეიტრალურ სტატუსზე უარი თქვას
21/01/2023 10:21:49 ევროპა
რუსეთის შეჭრამ უკრაინაში სერიოზული განხილვა გამოიწვია მოლდოვაში იმის შესახებ, სჭირდება თუ არა ქვეყანას კონსტიტუციით დამტკიცებული ნეიტრალიტეტისგან თავის დაღწევა და უფრო დიდ ალიანსში შესვლა, - იუწყება Politico.
„ახლა მიმდინარეობს სერიოზული დისკუსია ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების შესახებ, რამდენად შეგვიძლია, თავის დამოუკიდებლად დაცვა, თუ უნდა ვიყოთ უფრო დიდი ალიანსის ნაწილი. თუ ამ მომენტამდე მივედით, მაშინ ჩვენ ქვეყნის ნეიტრალური სტატუსის შეცვლა მოგვიწევს. ეს უნდა მოხდეს დემოკრატიული პროცესის გზით“, - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმ, მაია სანდუმ.
მისი თქმით, მოლდოვის მიერ საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება - საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების გაზრდით თუ მოკავშირეებთან მჭიდრო ურთიერთობებით – არ შეიძლება, პროვოკაციად იქნას აღქმული.
სანზუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლდოვა მშვიდობიანი ქვეყანაა, რომ მას არ დაუწყია ომი მეზობლების წინააღმდეგ, ხოლო რუსეთის პროპაგანდამ მოახერხა, დაერწმუნებინა მოსახლეობის ნაწილი, თითქოს ნეიტრალიტეტი იმას ნიშნავს, არაფერი უნდა გააკეთო თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად, რაც ცალსახად არასწორია.
შეგახსენებთ, რომ ნეიტრალურმა ფინეთმა და შვედეთმა სწორედ უკრაინაში რუსეთის მიერ ომის გაჩაღების შემდეგ შეცვალეს მრავალწლიანი პოლიტიკა და განაცხადი გააკეთეს ნატო–ში გაწევრიანების თაობაზე.