
"გვსურს, პრეცედენტი შევქმნათ": ესტონეთი უკრაინას გადასცემს ყველა იმ 155-მმ-იან ჰაუბიცას, რაც გააჩნია
23/01/2023 09:01:15 ევროპა
უკრაინაში ესტონეთის საელჩომ კიევისთვის ჰაუბიცებისა და ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნების გადაცემის შესახებ განაცხადა.
"ჩვენ იმ 155-მმ-იან ჰაუბიცას ვაძლევთ უკრაინას, რაც გაგვაჩნია. გვინდა, ამ გზით შევქმნათ პრეცედენტი, რათა სხვა ქვეყნებს არ ჰქონდეთ საბაბი, თუ რატომ არ შეუძლიათ უკრაინას მიაწოდონ საჭირო იარაღი ომის მოსაგებად", - განაცხადა ესტონეთის ელჩმა კაიმო კუუსკმა.
საელჩო აღნიშნავს, რომ ეს არის ქვეყნის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების ყველაზე მსხვილი პაკეტი – 113 მილიონი ევროს ღირებულების. მასში შედის ათობით 155 მმ–იანი FH-70 და 122 მმ–იანი D-30 ჰაუბიცა, ათასობით 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვი, ასობით M2 Carl Gustaf–ის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი საბრძოლო მასალებით და საარტილერიო დანაყოფების დამხმარე საშუალებები.
უკრაინაში იარაღის ამ პარტიის გაგზავნის შემდეგ, ესტონეთიდან კიევისთვის გაწეული სამხედრო დახმარების ჯამური რაოდენობა გაიზრდება 370 მილიონ ევრომდე, ანუ ესტონეთის წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის 1%–ზე მეტი, – იტყობინება ესტონური მაუწყებელი ERR მთავრობაზე დაყრდნობით.
"უკრაინას სჭირდება მძიმე იარაღი, რათა შეინარჩუნოს ინიციატივა და წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს, რომელიც ემზადება თავისი სამხედრო ძლიერების აღსადგენად. უმძიმესი ბრძოლები ჯერ წინ არის", - განაცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა და აღნიშნა, რომ ესტონეთისთვის მნიშვნელოვანია, მაგალითის მიცემა სხვა მოკავშირეებისთვის, დახმარება გაუწიონ უკრაინას.
როგორც მთავრობაში განაცხადეს, კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევა არ ამცირებს ესტონეთის თავდაცვისუნარიანობას. ხელისუფლება აპირებს, უკრაინისთვის შეწირული იარაღის შეცვლას კორეული K9 თვითმავალი საარტილერიო დანადგარებით. გარდა ამისა, უსაფრთხოებას უზრუნველყოფს მოკავშირეების არსებობა, მათ შორის, ქვეყანაში ახლად განლაგებული HIMARS.