პრეზიდენტის ადმინისტრაცია: „უკვე მერამდენე მიზანმიმართული მცდელობაა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ!“
23/01/2023 15:28:52 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ „უკვე მერამდენე მიზანმიმართული მცდელობაა, პრეზიდენტის განცხადებები არასწორად გაავრცელონ და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ!“.
როგორც განიმარტა, ამჯერად, საქმე ეხება სანქციების გვერდის ავლის თემას. თუმცა ადმინისტრაცია არ აზუსტებს, ვინ ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
ადმინისტრაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტს, ქვეყანა არათუ არასოდეს დაუდანაშაულებია ამ საკითხში, არამედ პირველია, ვინც საერთაშორისო მასშტაბით, როგორც უმაღლეს თანამდებობის პირებთან, ასევე, უცხოურ და ადგილობრივ მედიასთან იცავდა და იცავს ქვეყნის იმიჯს.
„მას არაერთხელ განუცხადებია, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, არ არსებობს საქართველოს გზით სანქციების თავის არიდების ფაქტი, პირიქით, საქართველოს ფინანსური სექტორი ზედმიწევნით ასრულებს ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციას.
დღევანდელ მოცემულებაში, როცა ქვეყნის მიმართ ისმის ბრალდებები, თითქოსდა საქართველოს ტერიტორია გამოყენებულია სანქციებისგან თავის არიდებისთვის, საჭიროა, ხელისუფლებამ მიიღოს ყველა ზომა, რათა ქვეყნის რეპუტაცია ეფექტიანად იყოს დაცული”,- აღნიშნავს პრეზიდენტის ადმინისტაცია განცხადებაში.
პრეზიდენტს სავარაუდოდ, მხედველობაში ჰყავს, მათ შორის, მმართველი გუნდის წევრები, რომელთაც სალომე ზურაბშვილი გააკრიტიკეს ამასწინანდელი განცხადების გამო. კერძოდ, ზურაბიშვილმა გაუგებარი უწოდა მმართველი გუნდის წევრების პოზიციას რუსეთთან ფრენების შესაძლო აღდგენის თაობაზე და ხაზგასმით აცხადებს, „არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას!“
პრეზიდენტმა თქვა ისიც, რომ "ფრენების აღდგენის მაგივრად, მთავრობა უნდა ზრუნავდეს ქვეყნის რეპუტაციაზე, კატეგორიულად პასუხობდეს ქვეყნის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს - საქართველოს გზით სანქციების გვერდის ავლის შესახებ! ეს ყოველივე მოითხოვს სერიოზულ სახელმწიფოებრივ მიდგომას და ბრალდებების უარყოფას, რომელიც იქნება კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული!“.
ამას კი წინ უძღოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებები რუსეთთან ფრენების აღდგენის თაობაზე.
ზურაბიშვილის განცხადების შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს წინააღმდეგ „სიცრუის ტირაჟირებაში პრეზიდენტიც აიყოლიეს".
„როცა გავლენიანი უცხოური მედიასაშუალებები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ამ მასშტაბის სიცრუეს ავრცელებენ, ეს ცალკე პრობლემაა. თუმცა, ამაზე დიდი პრობლემაა, როდესაც იგივე სიცრუეს ქართული რადიკალური ოპოზიცია და მისი კუთვნილი მედიასაშუალებებიც ტირაჟირებენ. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ადამიანებისთვის საქართველოს ეროვნული ინტერესები არაფერს ნიშნავს და სინამდვილეში, ისინი არა საქართველოს, არამედ მის მიმართ მტრულად განწყობილი ძალის სამსახურში დგანან. ასევე, სამწუხაროა, როდესაც ამ სიცრუის ტირაჟირებაში პრეზიდენტიც აიყოლიეს, რომელმაც ბრალდებებზე „კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული პასუხის“ გაცემა მოითხოვა", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


