პრეზიდენტი: „არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას!“

20-01-2023 16:13:03 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაუგებარს უწოდებს მმართველი გუნდის წევრების პოზიციას რუსეთთან ფრენების შესაძლო აღდგენის თაობაზე და ხაზგასმით აცხადებს, „არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას!“

პრეზიდენტი განმარტავს, რომ “თუ რაიმე გვახსოვს რუსეთის უკვე მოძველებული ხრიკებისა, უნდა გვესმოდეს, რომ კრემლი ასეთი თემებს მაშინ ,,გამოაგდებს“, როცა იმედი აქვს, რომ რაიმე ბზარს გააჩენს ჩვენსა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს შორის“, რისი დაშვებაც, პრეზიდენტის თქმით, დაუშვებელია.

„იმ დროს, როცა ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, სიტყვით თუ საქმით, მაქსიმალურ სოლიდარობას უცხადებს უკრაინის თავდადებულ ბრძოლას, ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის, მთავრობის და მმართველი პარტიის პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია.

ვერ გავიზიარებ არგუმენტს, რომელსაც იშველიებენ ამ პოზიციის გასამყარებლად, ანუ ვითომც ეს რუსეთში მცხოვრები ქართველების პრობლემების შემსუბუქებას ემსახურებოდეს. თუნდაც იმიტომ, რომ თვეების განმავლობაში, ჩემი ყველა მცდელობის მიუხედავად, ვერ მივაღწიე შედეგს მოქალაქეობის მინიჭების კრიტერიუმების გამარტივებასთან დაკავშირებით - საკითხზე, რომელიც ყველაზე მეტად აღელვებს უცხოეთში და მათ შორის, რუსეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს.

ამ დროს, თუ რაიმე გვახსოვს რუსეთის უკვე მოძველებული ხრიკებისა, უნდა გვესმოდეს, რომ კრემლი ასეთი თემებს მაშინ ,,გამოაგდებს“, როცა იმედი აქვს, რომ რაიმე ბზარს გააჩენს ჩვენსა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს შორის.

ამის დაშვება დაუშვებელია!“,– აცხადებს პრეზიდენტი.

ამის მაგივრად, როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, „აუცილებელია, სერიოზულად იყოს შესწავლილი რუსეთის მოქალაქეების შემოდინების საკითხი, ყველა თავისი - სოციალური და პოლიტიკური პარამეტრით, რათა საზოგადოებას გაუჩნდეს განცდა, რომ მისი ეროვნული ინტერესები და უსაფრთხოება გათვალისწინებული და დაცულია“:

გვჭირდება რეგულაციები - სამუშაო უფლებების, ბიზნესის რეგისტრაციის, საკუთრების შეძენის, თუ რუსულენოვანი სკოლების გახსნის საკითხთან მიმართებაში.

ასევე, ფრენების აღდგენის მაგივრად, მთავრობა უნდა ზრუნავდეს ქვეყნის რეპუტაციაზე, კატეგორიულად პასუხობდეს ქვეყნის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს - საქართველოს გზით სანქციების გვერდის ავლის შესახებ! ეს ყოველივე მოითხოვს სერიოზულ სახელმწიფოებრივ მიდგომას და ბრალდებების უარყოფას, რომელიც იქნება კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული!“.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 18 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე შეაქო საქართველოს მთავრობა:

„მოხარული ვარ, რომ საქართველოსთან ხალხს შორის კონტაქტი აქტიურად ვითარდება. ის, რომ გასულ წელს საქართველოს მშპ 10%-ით გაიზარდა, მნიშვნელოვანწილად რუსეთის ფედერაციასთან ტურისტული და სავაჭრო ურთიერთობის შედეგია. ვიმედოვნებ, რომ მალე პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას შევძლებთ. ვხედავთ, რომ საქართველო, ისე როგორც პრაქტიკულად ყველა სხვა ქვეყანა, დასავლეთის მხრიდან ზეწოლას განიცდის, რომლებიც მოითხოვენ ღიად და საჯაროდ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებას და ის, რომ პატარა ქვეყანას და მის ხელმძღვანელობას ჰყოფნის ვაჟკაცობა თქვას, რომ ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ჩვენი ინტერესებით, ჩვენი ეკონომიკის ინტერესებით, ეს პატივისცემას იწვევს“.

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენის საკითხზე ისაუბრა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

მან ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა, რომ ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის:

„ჩვენი მოქალაქეები, ეთნიკურად ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები, მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და მათ ძალიან გაურთულა 2019 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ მდგომარეობა. თუ ფრენები აღდგება, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება. როდესაც საქმე ეხება ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის შემსუბუქებას, ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება ჩვენთვის მისასალმებელია“.

ანალოგიური პოზიცია დააფიქსირეს მმართველი გუნდის სხვა წევრებმაც.

იხილეთ ასევე: აშშ–ის ელჩი ლავროვს პასუხობს, თუ რის მოსმენას ისურვებდნენ ქართველები

რატომ ააქტიურებს მოსკოვი საქართველოსთან უვიზო რეჟიმის და ფრენების თემას

ახალი ამბები

სხვა სიახლეები