
ერდოღანმა შვედეთის NATO–ში გაწევრიანების მხარდაჭერაზე უარი თქვა
23/01/2023 19:37:15 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყანა არ დაუჭერს მხარს შვედეთის წინადადებას ნატოში გაწევრიანების შესახებ,– იუწყება თურქული გამოცემა Anadolu.
განცხადება გაკეთდა ორშაბათს, სტოკჰოლმში ანტითურქული საპროტესტო აქციების შემდეგ, რომელიც ულტრამემარჯვენე ძალის მიერ იყო ორგანიზებული. ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე ორგანიზატორმა საჯაროდ დაწვა მუსლიმებისთვის წმინდა წიგნი, ყურანი. გარდა ამისა, გაისმა ქურთების მხარდამჭერი ლოზუნგები– ანკარა დევნის ქურთულ ორგანიზაციებს, მათ ტერორისტულს უწოდებს.
„თუ შვედეთი ასე უჭერს მხარს ტერორისტული ორგანიზაციის წევრებს და ისლამის მტრებს, ვურჩევთ, მათ ანდოს საკუთარი ქვეყნის დაცვა“, - განაცხადა ერდოღანმა მთავრობის სხდომის შემდეგ სატელევიზიო მიმართვისას.
მანამდე თურქეთმა გააუქმა შვედეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ანკარაში და ასევე დაადანაშაულა სტოკჰოლმი ნატო-ში შვედეთის გაწევრიანების შესახებ ადრინდელი შეთანხმებების დარღვევაში. პოლ იონსონი ანაკარში ვიზიტის დროს გეგმავდა, კიდევ ერთხელ ეცადა, დაერწმუნებინა თურქეთი, მოეხსნა დაბრკოლება შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების გზაზე.
მხოლოდ თურქეთსა და უნგრეთს არ აქვთ რატიფიცირებული შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლი.
შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება მხარს უჭერს მის ყველა გამოვლინებას. პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა თანაგრძნობა გამოხატა სტოკჰოლმში მომხდარით განაწყენებული ყველა მუსლიმის მიმართ.