
"შეტევა მოვიგერიეთ": უკრაინის გენშტაბი დღეს აჯამებს
23/01/2023 19:52:41 ევროპა
რუსული ჯარები ცდილობდნენ წინსვლას კუპიანსკის მიმართულებით, მაგრამ უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს ყველა შეტევა, – იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 23 იანვრის საღამოს ანგარიშში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, მტერი ასევე აგრძელებს შეტევას ბახმუტისა და ავდეევკას მიმართულებით, რათა დაიპყროს დონეცკის მთელი რეგიონი, ხოლო ლიმანის, ნოვოპავლოვსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის მიმართულებით, რუსული ჯარები თავდაცვის რეჟიმში არიან. ამასთან, გენშტაბის ანგარიშის მიხედვით, მიმართულებებზე – ვოლინი, პოლესკი, სევერი და სლობოჟანი, მნიშვნელოვანი ცვლილებები არაა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ კუპიანსკის მიმართულებით მტერმა ცეცხლი გაუხსნა ხარკოვის ოლქში დვურეჩნაიას, გრიანიკოვკას, კუპიანსკის, კისლოვკას, კრახმალნოესა და ბერესტოვოეს დასახლებებს, ასევე ნოვოსელოვსკოესა და სტელმახოვსკას – ლუგანსკის რეგიონში.
ბახმუტისა და ავდეევკას მიმართულებებზე რუსეთის ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს შემდეგ დასახლებებს: სადავო, ვიემკა, ბერესტოვოე, ბელოგოროვკა, ვესელოე, კრასნაია გორა, ბახმუტი, კლეშჩიევკა, კურდიუმოვკა, მაიორკი, ნიუ-იორკი, ბერდიჩი, ავდეევკა, ვოდიანოე, კრასნოვოკაი, ნოგოგოროვკა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ვადიმ სკიბიცკიმ სააგენტო Ukrinform-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თებერვალ-მარტში აქტიური საომარი მოქმედებები განხორციელდება ლუგანსკის და დონეცკის რეგიონებში. ამავდროულად, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო არ გამორიცხავს, რომ რუსულმა ჯარებმა „შეიძლება, კვლავ სცადონ უკრაინის ტერიტორიაზე საზღვრიდან შესვლა, ეს არის კუპიანსკის მიმართულება“.