
რუსეთის შეტევა მოგერიებულია ბახმუტსა და კიდევ 10 დასახლებულ პუნქტთან – უკრაინის გენშტაბი
24/01/2023 06:10:43 ევროპა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 9 სარაკეტო დარტყმა ხარკოვის, დონეცკის და ზაპოროჟიეს ოლქების დასახლებულ პუნქტებზე. ასევე, 27 საავიაციო დარტყმა და 79 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგემ არტილერიიდან და ტანკებიდან დაცხრილა ლუგანსკის, დონეცკის, ჩერნიგოვის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების დასახლებული პუნქტები.
უკრაინის არმიის სარდლობის ცნობით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე შენარჩუნებულია საავიაციო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე.
გენერალური შტაბის განცხადებით, მოწინააღმდეგე, დიდი დანაკარგის მიუხედავად, განაგრძობს შეტევას ბახმუტის და ავდეევკას მიმართულებებით, ხოლო ლიმანის, ნოვოპავლოვსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის მიმართულებებით თავდაცვით პოზიციაშია.
გენშტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, რუსეთის ჯარების შეტევა მოგერიებულია ლუგანსკის ოლქის 1 და დონეცკის ოლქის 10 დასახლებული პუნქტის რაიონში, მათ შორის ქალაქ ბახმუტთან.
უკრაინის არმიის სარდლობის მონაცემებით, ბოლო 24 საათში თავდაცვის ძალების ავიაციამ 8 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე და 1 დარტყმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის პოზიციაზე. ჩამოგდებულია 2 თვითმფრინავი სუ-25, ვერტმფრენი კა-52, უპილოტო საფრენი აპარატი „ორლანი“ და 2 მართვადი საავიაციო რაკეტა. სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 3 რაიონი.