
უკრაინელ მაღალჩინოსნებს საზღვარგარეთ გამგზავრება აუკრძალეს
24/01/2023 07:13:03 ევროპა
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით, საომარი მდგომარეობის პერიოდში, სახელმწიფო მოხელეები უკრაინის საზღვრებს გარეთ გასვლას შეძლებენ მხოლოდ სამსახურებრივი მივლინების შემთხვევაში.
საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაბამისი ბრძანებულება 23 იანვარს გამოსცა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
როგორც უკრაინული მედია აღნიშნავს, სახელმწიფო მოხელეებს მივლინებების გარდა საზღვარგარეთ გამგზავრება აუკრძალეს მას შემდეგ, რაც სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელმა უსაფრთხოების საბჭოს წარუდგინა მონაცემები სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ. სტატისტიკა დაკონკრეტებული არ არის.
უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ თანამდებობის პირები ვეღარ შეძლებენ საზღვარგარეთ დასასვენებლად ან სხვა მსგავსი მიზნით გამგზავრებას და თუ ვინმეს დასვენება ახლა სურს, ეს შეუძლია სახელმწიფო სამსახურს მიღმა გააკეთოს.
საზღვარგარეთ მივლინების გარეშე გამგზავრება ეკრძალებათ მინისტრთა კაბინეტის წევრებს, პრეზიდენტის ოფისის, უსაფრთხოების სამსახურის, კონტროლის პალატის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, ეროვნული ბანკის და ადგილობრივი ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს, პროკურორებს, მოსამართლეებს და პარლამენტის დეპუტატებს.