დააკავეს პირი, რომელიც 10 ადამიანს ფულის სანაცვლოდ ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩარიცხვას დაჰპირდა - პროკურატურა

24-01-2023 12:42:26 სამართალი

პროკურატურის ინფორმაციით, დააკავეს ერთი პირი, რომელიც 10 ადამიანს ატყუებდა, რომ თანხის სანაცვლოდ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩარიცხვაში დაეხმარებოდა ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე.

გამოძიების ცნობით, ბრალდებული მოტყუებით ჯამში 119 030 ლარს დაეუფლა.

დაკავებულს თაღლითობას ედავებიან. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაზარალებულებს არწმუნებდა, თითქოსდა როგორც თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანს, ფულადი თანხების - 3000 - 5000 ლარის გადახდის სანაცვლოდ, ამავე უნივერსიტეტში სტუდენტების ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე შეეძლო", - აცხადებენ პროკურატურაში.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა დაზარალებულები მოატყუა, რომ "სტუდენტური პროგრამის ფარგლებში, მას სტუდენტებისთვის თბილისში ბინების მინიმალურ ფასად, დაახლოებით 7 000-11 000 ლარის სანაცვლოდ გადაცემა შეეძლო".

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული 2023 წლის 21 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და დიდი ოდენობით; 10 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები