Accentnews.ge
„დარჩა რამე, რაც კიდევ შეიძლება, იკადროთ?“: მელია ოპონენტებს მიმართავს

„დარჩა რამე, რაც კიდევ შეიძლება, იკადროთ?“: მელია ოპონენტებს მიმართავს

24/01/2023 10:54:54 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ეხმიანება მისი ოპონენტების ბრალდებებს, რომ მან „ფორმულას“ დამფუძნებლისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრისგან დავით კეზერაშვილისგან საჩუქრად ძვირადღირებული ავტომობილი მიიღო.

მელიას თქმით, ოპონენტების მხრიდან „საჩუქრების“ წამოძახება გარდა იმისა, რომ მდაბიო საქციელია, უამრავი ტყუილით, სპეკულაციით და ცილისწამებითაა სავსე.

მელიას თქმით, მისმა ოპონენტებმა ყველა „წითელი ხაზი“ გადაკვეთეს.

„ღირსების მქონე საზოგადოებისთვის მართლაც ძნელი მოსასმენია ის ყველაფერი, რასაც საუბრობს და რაზეც მიდის ჩემი კონკურენტის მხარე შიდაპარტიულ არჩევნებში.

პრაქტიკულად, გადაუკვეთავი აღარ დატოვეს არც ერთი „წითელი ხაზი“. დღეს “საჩუქრების” წამოძახებაზე გადავიდნენ. ეს ყველაფერი, გარდა იმისა, რომ მდაბიო საქციელია, უამრავი ტყუილით, სპეკულაციით და ცილისწამებითაა სავსე.

ვწუხვარ და მეუხერხულება კიდეც ამ თემაზე, რომ ვწერ სტატუსს, მაშინ როცა უზარმაზარი გამოწვევევის წინაშე დგას პარტიაც და ქვეყანაც, მაგრამ პროპაგანდა ასე მუშაობს – დღეს ბევრი ამ თემაზე წერს და სატელევიზიო ეთერებსაც უთმობენ და მე ვალდებული ვარ პირველ რიგში, ენმ–ს მხარდამჭერებს ვუთხრა სიმართლე“, – ამბობს ნიკა მელია.

მელიას განმარტებით, მას შემდეგ, რაც ის პატიმრობიდან გათავისუფლდა, მისმა მეგობრებმა ჩათვალეს, რომ დაცვა და დამატებითი ავტომობილი სჭირდებოდა და ამიტომ, დაცვას ოჯახის საკუთრებაში არსებული მანქანა გადასცა, თავად კი, პარტიის ავტომობილით (Mazerati) სარგებლობდა.

მელია ამბობს, რომ ავტომობილი, რომლითაც თავად სარგებლობდა, პარტიას კობა ნაყოფიას თხოვნით, ზაზა ოქუაშვილმა ათხოვა და დამატებითი ავტომობილის საჭიროება პარტიაში აღარ ჰქონდათ. თუმცა მისი თქმით, დავით კეზერაშვილმა „მოულოდნელად“ მანქანა გამოუგზავნა.

„ერთ დღეს, ჩემთვის მიულოდნელად, პეტრე ცისკარიშვილმა და ზურაბ მელიქიშვილმა მითხრეს, რომ პარტიის ავტოფარეხში იდგა მეორადი ავტომობილი, რომელიც გამოგზავნა დავით კეზერაშვილმა. ცხადია, არ მითხოვია, თავად გადაწყვიტა თავისი სურვილით და მოგვიანებით სატელეფონო საუბრისასაც ასეც აღნიშნა“.

მელიამ კვლავ გაიმეორა, რომ „შემდეგ რაც, დავინახე დავით კეზერაშვილისგან მცდელობა, ჩარეულიყო შიდა პარტიულ პროცესებში, რამდენჯერმე (2022 წლის ივნისის თვიდან) ვცადეთ ამ ავტომობილის მისთვის დაბრუნება ბოლოს, ამ თვენახევრის წინაც ვთხოვე ბაჩო დოლიძეს გადაეცა კეზერაშვილის ოჯახის წევრისთვის, დიმა ჩიქოვანისთვის, რომელმაც არ ჩაიბარა ეს ავტომობილი და იგი დღემდე დგას პარტიის ავტოფარეხში“.

მელია პირადად დავით კეზერაშვილს მიმართავს კითხვით, დარჩა თუ არა რამე, რაც კიდევ შეიძლება, იკადრონ.

„აი, ასე იყო ეს ამბავი და არა ისე, როგორც ფუთავენ და ავრცელებენ მერაბიშვილი/კეზერაშვილის მხარდამჭერი კოლეგები. ბატონებო, კეზერაშვილის „ნაჩუქარი“ ავტომობილი პარტიის ავტოფარეხშია. დავით კეზერაშვილი, დარჩა რამე, რაც კიდევ შეიძლება იკადრო/თ?“, – წერს მელია.

22 იანვარს „ფორმულას“ ეთერში ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატის ლევან ხაბეიშვილის შტაბის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე არჩევნების დროს დავით კეზერაშვილი ნიკა მელიას პირადად ეხმარებოდა და მისგან საჩუქრებიც მიუღია, მათ შორის, ძვირადღირებული ავტომობილი, რომლითაც ის დღეს დადის.

ბეჟაშვილის თქმით, როცა მელიამ კეზერაშვილის ოლიგარქობისა და ენმ-ში ფარულ ინტერესებზე დაიწყო საუბარი, მათთვის შოკი იყო, რადგან კეზერაშვილთან თანამშრომლობა და მათ შორის მეგობრული ურთიერთობაც ნიკა მელიასგან მოდიოდა.

„რამდენიმე არჩევნების განმავლობაში მას [ნიკა მელიას] პირადად ეხმარებოდნენ, პირადად მიუღია საჩუქრებიც, ძვირად ღირებული ავტომობილი, რომლითაც ის დადის და ა.შ. ვეკითხებოდით, რატომ დაიწყე ეს თემა, რა აქტუალური იყო ქართული პოლიტიკისთვის ან პარტიული საქმიანობისთვის, არასდროს არ ყოფილა განცხადება, მინიშნებაც კი, რომ [დავით კეზერაშვილი] რაღაც ფარული ზეგავლენის მოპოვებას ცდილობს, ვიღაცის გადაყენებას ან ვიღაცის დანიშვნას, ან ვიღაცის სიაში ჩასმას“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

იხილეთ ასევე: ნიკა მელიამ ენმ–ის საქმიანობაში ვანო მერაბიშვილის და დავით კეზერაშვილის როლზე ილაპარაკა

"ნაციონალურ მოძრაობის“ პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა, რომ პარტიის თავმჯდომარის შიდა არჩევნები 2023 წლის 28-29 იანვარს ჩატარდება. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ე.წ. ბლოკჩეინ-სისტემით აირჩევენ.

ენმ-ის არჩევნებში მონაწილეობას იღებენ მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, გიორგი ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S