
ლუკაშენკო ამბობს, რომ უკრაინამ „თავდაუსხმელობის შეთანხმება“ შესთავაზა
24/01/2023 11:45:42 ევროპა
ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ უკრაინა მას, ერთი მხრივ, „თავდაუსხმელობის პაქტის“ დადებას სთავაზობს, მაგრამ, მეორე მხრივ, უარს არ ამბობს „ექსტრემისტებისა და ბოევიკების“ მომზადებაზე.
"არ ვიცი, რატომ აკეთებენ ამას უკრაინელები. ერთი მხრივ, ისინი გვთხოვენ, არავითარ შემთხვევაში არ ვიბრძოლოთ უკრაინასთან, რათა ჩვენი ჯარები იქ არ გადავიდნენ. ისინი გვთავაზობენ აგრესიის პაქტის დადებას. მეორეს მხრივ, ისინი ამზადებენ ამ საშიშ ნაზავს და აიარაღებენ მას. პოლონეთი და ლიეტუვა საერთოდ გაგიჟდნენ. რატომ სჭირდებათ ეს? გაურკვეველია. ამიტომ, იძულებული ვართ, მკაცრი რეაგირება მოვახდინოთ", - განაცხადა ლუკაშენკომ.
ამასთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „რუსეთი ყველანაირად ცდილობს ბელარუსის ომში პირდაპირ ჩათრევას.უკრაინა აფრთხილებს მინსკს ყოველგვარი შემდგომი აგრესიული გეგმების შესახებ. ჩვენი მხრივ, ვადასტურებთ ბელარუსის მიმართ აგრესიული ზრახვების არარსებობას“.
მისი თქმით, უკრაინა მზადაა მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის და იმოქმედებს გაეროს წესდებით.
„უკრაინის თავდაცვის ძალებს და მთავრობას აქვთ სამოქმედო გეგმა ბელარუსის მხრიდან გაზრდილი საფრთხის შემთხვევაში“, დასძინა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
კრემლის პრეს–სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა კი განაცხადა, რომ კრემლს მსგავსი წინადადების არსებობის თაობაზე ცნობები არ აქვს.
***
24 თებერვალს რუსული არმიამ, მათ შორის, ბელარუსის ტერიტორიიდან შეუტია უკრაინის ქალაქებს. ასევე, ამ ქვეყნის ტერიტორიას რუსული სამხედრო სარდლობა იყენებს, როგორც პლაცდარმს უკრაინაზე სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებისთვის. გარდა ამისა, ამ დროისთვის ბელარუსის ტერიტორიაზე მიმდინარეობს რუსული ჯარების თავმოყრა და რიგი შემფასებლების მხრიდან არის მოლოდინი 24 თებერვლის განმეორების კუთხით უკვე ბელარუსი სამხედროების უშუალო ჩართულობით, რასაც ამ დრომდე თავს არიდებდა ლუკაშენკო.