24-01-2023 15:57:14 ევროპა
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ გერმანული ტანკების უკრაინისთვის მიწოდებასთან დაკავშირებით ალიანსი გამოსავალს უახლოეს მომავალში იპოვის.
”საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ უკრაინას ტანკებს მისცემენ. მივესალმები ამ განცხადებებს. ომის ამ გადამწყვეტ მომენტში, ჩვენ უნდა მივაწოდოთ უკრაინას უფრო მძიმე და მოწინავე სისტემები და ეს უფრო სწრაფად უნდა გავაკეთოთ,” - განაცხადა სტოლტენბერგმა 24 იანვარს გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
სტოლტენბერგმა დაადასტურა, რომ გერმანელ მინისტრთან საბრძოლო ტანკების საკითხი განიხილა:
"კონსულტაციები მოკავშირეებს შორის გაგრძელდება და დარწმუნებული ვარ, ჩვენ მალე გვექნება გამოსავალი“.
მანამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ გერმანია მზად არის, პოლონეთს უფლება მისცეს, მის შეიარაღებაში არსებული Leopard 2 ტანკები უკრაინას გაუგზავნოს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად. ანალენა ბერბოკის თქმით, გადაწყვეტილება შესაძლებელია მიღებულ იქნეს, თუკი ბერლინი ასეთ მოთხოვნას მიიღებს ვარშავისგან. 24 იანვარს ცნობილი გახდა, რომ პოლონეთმა ოფიციალურად მიმართა გერმანიას.
მანამდე ბერლინი უარს ამბობდა სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის პოლონეთისთვის, გერმანული ტანკების რეექსპორტის უფლების მიცემაზე, შიშობდა რა, რომ მსგავსი მძლავრი იარაღის გაგზავნამ შეიძლება, რუსეთის პროვოცირება და ომის კიდევ უფრო ესკალაცია გამოიწვიოს. გარდა ამისა, ისმის შეფასება, რომ გერმანიას არ აქვს მსგავსი იარაღის დიდი მარაგი.