
ზაპოროჟიესა და ხერსონის სულ მცირე, 110 მშვიდობიან მკვიდრს აწამებენ სიმფეროპოლის იზოლატორში – უფლებადამცველი
24/01/2023 14:28:38 ევროპა
რუსეთი ანექსირებულ ყირიმში ჰყავს დატყვევებული ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდან გატაცებული სულ მცირე, 110 მოქალაქე,– იუწყება „ყირიმის ადამიანის უფლებათა ჯგუფი“.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის ოლგა სკრიპნიკის თქმით, ისინი სიმფეროპოლის No2 წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. დაკავებულებს შორის არიან აქტივისტები, მოხალისეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
„2022 წლის ბოლოსთვის 110-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა იზოლატორში. უმეტესობა უკრაინის 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი მკვიდრია... ყველა ასეთ შემთხვევაში, რომლის დოკუმენტირებაც მოვასწარით, გატაცებულ ადამიანებს აწამებენ: ჯერ რუსი სამხედროები გატაცების შემდეგ, შემდეგ რუსეთის ФСБ–ს თანამშრომლები ყირიმში“, - აღნიშნა მან.
უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ რუსეთის ხელისუფლებას ჯერ არ აღუძვრია სისხლის სამართლის საქმე გატაცებულთა ნაწილის წინააღმდეგ. ამრიგად, რუსეთის ფედერაცია არ აღიარებს, რომ დაკავებული უკრაინელები წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან, – დასძენს სკრიპნიკი.
მისი თქმით, წამების მსხვერპლები აცხადებენ, რომ თითქმის არ იღებენ სამედიცინო დახმარებას და არ იღებენ ამანათებს ახლობლებისგან. ყირიმიდაქნ ტყვეები გადაჰყავთ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.
„რუსეთის ხელისუფლება აგრძელებს ყირიმის მაცხოვრებლების პოლიტიკურ დევნას შეთითხნილ სისხლის სამართლის საქმეებით. 2022 წლის ბოლოსთვის, სულ მცირე 149 ჩვენი მოქალაქე იმყოფებოდა იზოლატორში პოლიტიკურად მოტივირებული დევნის ფარგლებში“, - განაგრძობს ყირიმის ადამიანის უფლებათა ჯგუფის ხელმძღვანელი.
ადამიანის უფლებათა ცენტრი ZMINA, ყირიმში თავის წყაროებზე დაყრდნობით ასევე ადრე აცხადებდა, რომ უკრაინელები, რომლებიც რუსებმა უკანონოდ წაიყვანეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ანექსირებულ ყირიმში, იმყოფებიან სიმფეროპოლის წინასწარი დაკავების იზოლატორის ცალკე შენობებში. მათ აწამებენ და არ აძლევენ ადვოკატებთან შეხვედრის შესაძლებლობას.
ადრე ყირიმელი თათარი აქტივისტი და პოლიტიკოსი ნარიმან ჯელალი საუბრობდა რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გატაცებული უკრაინელების წამებაზე. რუსეთის ხელისუფლება და სასამართლოები ადასტურებენ უკრაინელების დაკავებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მაგრამ მათ რაოდენობას არ ასახელებენ. უკრაინელი უფლებადამცველები ასობით დაკავებულზე საუბრობენ.