საქართველოში ბრიტანეთისა და რუმინეთის საელჩოებს ნატო-ს საკონტაქტო საელჩოების სტატუსი მიენიჭათ

24-01-2023 20:16:34 პოლიტიკა

საქართველოში ბრიტანეთისა და რუმინეთის საელჩოებს ნატო-ს საკონტაქტო საელჩოების სტატუსი მიენიჭათ. სტატუსის გადაცემის ცერემონია პოლონეთის საელჩოში გაიმართა.

ბოლოს სწორედ პოლონეთი ატარებდა ამ სტატუსს, რომელსაც ნატო მონაცვლეობით გასცემს.

„შეხვედრა ეხება იმ ფაქტს, რომ რუმინეთი და გაერთიანებული სამეფო შემდგომი ორი წლის განამვლობაში შეასრულებენ ნატო-ს საკონტაქტო პუნქტის საელჩოების როლს. ნატო-ს საკონტაქტო პუნქტის საელჩოები არ არის ნატო-ს საელჩოები, არამედ ეს არის სახალხო დიპლომატიის ინსტრუმენტი, რომელიც ავრცელებს ალიანსის ღირებულებებს ნატო-ს არაწევრ ქვეყნებში. რუმინეთისთვის ეს მეორე ვადაა. პირველად ეს როლი 2016 წელს შევასრულეთ“, – განაცხადა საქართველოში რუმინეთის ელჩმა რეზვან როტუნდუმ.

დიპლომატიური კორპუსის გარდა, ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს თვადაცვის მინისტრის მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„მოგეხსენებათ, საქართველოსთვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. უშუალოდ ნატო-სთან ურთიერთობისას მნიშვნელოვანი არის ის მექანიზმები, რომლებიც ადგილზე გვაქვს კონკრეტული მუშაობის თვალსაზრისით. ეს არის ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი. გარდა ამისა, არსებობს ასეთი მექანიზმი, როგორიც არის საკონტაქტო საელჩოები. აქამდე ეს იყო პოლონეთის საელჩო, ახლა იქნებიან ბრიტანეთისა და რუმინეთის საელჩოები, რაც გულისხმობს მთელი რიგი ღონისძიებებისა და პროექტების განხორციელებას, რომელიც მიმართულია, როგორც ცნობადობის ამაღლების, ასევე საზოგადოებასთან მუშაობის კუთხით, სხვადასხვა თემატიკაზე, რომელიც ეხება უშუალოდ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

ნატო-ს საკონტაქტო საელჩო ხელშემწყობი ორგანოა ნატო-ს ალიანსსა და მესამე ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის დასამყარებლად. მისი ძირითადი მიზანია საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნების განხორციელება საჯარო დიპლომატიის გამოყენებით. ის ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის ალიანსში ინტეგრაციის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს, რასაც ახორციელებს საინფორმაციო შეხვედრების, პოლიტიკური დისკუსიების, სტუდენტური ვიზიტებისა და მიმდინარე თემებზე ბრიფინგების ორგანიზებით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები