
ტყვედ აყვანილი უკრაინელების მობილიზაციის შესახებ იუწყებიან
25/01/2023 07:56:35 ევროპა
ლუგანსკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად ტყვედ აყვანილი უკრაინელების მობილიზაცია დაიწყო.
„მობილიზაცია ხდება კაცების, რომლებიც დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაიყვანეს რუსეთის ფედერაციაში. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც რუსეთის ხელისუფლებამ დაიწყო საცხოვრებელ ადგილების მიხედვით პასპორტების გაცემა“ - აცხადებს ლუგანსკის ხელისუფლება.
მათივე ცნობით, რუსები აგრძელებენ უკრაინის ტყვედ აყვანილი მოქალაქეების რუსეთის იზოლატორებში იძულებით გადაყვანას. ამგვარი ომის ტყვეების სამხედრო კომპანია „ვაგნერში“ ჩარიცხვა კრასნოდარში ხორციელდება:
„იმ ადამიანებს, ვინც სხვადასხვა კრიმინალური დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს, ყველაზე აქტიურად მოუწოდებენ უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობისთვის“ - წერია განცხადებაში.
უკრაინის გენშტაბიც იუწყება, რომ რუსეთი ცდილობს უკრაინასთან საომრად დაიქირაოს პატიმრობაში მყოფი უკრაინის მოქალაქეებიც, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაიყვანეს რუსეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. კერძოდ, გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის კრასნოდარის მხარეში მიმდინარეობს ასეთი პატიმრების აქტიურად დაქირავება კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერისთვის“ და განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მათზე, ვინც სასჯელს მძიმე დანაშაულისთვის იხდის.
რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ ომში და განსაკუთრებით აქტიურობს დონეცკის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. "ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი პირადად მონაწილეობს უკრაინაში საომრად პატიმრების დაქირავების პროცესში. „ვაგნერელები“ ეჭვმიტანილები არიან მრავალ სამხედრო დანაშაულში.