
გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინას Leopard 2-ებს გადასცემს
25/01/2023 10:49:59 ევროპა
გერმანიის მთავრობამ დაადასტურა, რომ უკრაინაში გაგზავნის Leopard 2-ებს. პირველ ეტაპზე საუბარია 14 ტანკზე.
ბერლინი ასევე საშუალებას მისცემს სხვა ქვეყნებს, ამ სახეობის ტანკების სწრაფი რეექსპორტი განახორციელონ უკრაინაში.
„ეს გადაწყვეტილება შეესაბამება ჩვენს ცნობილ ხაზს უკრაინისადმი ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში მხარდაჭერის შესახებ. ჩვენ ვმოქმედებთ კოორდინირებულად საერთაშორისო დონეზე“, - ციტირებს გერმანიის კანცლ ოლაფ შოლცს Reuters.
როგორც მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი, მოკავშირეების მიზანია უკრაინისთვის Leopard 2 ტანკებით ორი სატანკო ბატალიონის სწრაფად შეგროვება.
ამასთან, გერმანია საბრძოლო მასალას მიაწვდის უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, მოამზადებს უკრაინელ სამხედროებს იარაღის გამოყენებაში.
გერმანიის მიერ უკრაინისთვის Leopard 2-ის ტანკებს გაგზავნას ევროპელი ლიდერები მიესალმნენ.
„მადლობა კანცლერ ოლაფ შოლცს. „ლეოპარდების“ უკრაინისთვის გაგზავნის გადაწყვეტილება დიდი ნაბიჯია რუსეთის შეჩერების მხრივ. ერთად უფრო ძლიერები ვართ“, - თქვა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ, რომელმაც მანამდე ბერლინს მიმართა რეექსპორტზე ოფიციალური ნებართვისთვის.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა გერმანიის ნაბიჯს სწორი გადაწყვეტილება უწოდა:
„Challenger 2-ის ტანკებთან ერთად, [Leopard 2-ის ტანკები] გააძლიერებენ უკრაინის თავდაცვით საცეცხლე საშუალებას. ერთად, ჩვენ ვაჩქარებთ ჩვენს ძალისხმევას ამ ომში უკრაინის გამარჯვებისა და გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფაში”.
***
ABC-ის ცნობით, 12 ქვეყანა მზადაა, უკრაინას 100-მდე Leopard 2 მიაწოდოს. გერმანიის მიერ იარაღის ექსპორტის ნებართვის გაცემის გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა.
ამასთან, ამერიკული მედია წერს, რომ შეერთებული შტატები მზად არის დაიწყოს პროცესი, რომელიც უკრაინისთვის M1 Abrams-ის ტანკების გაგზავნას ითვალისწინებს.
Associated Press-ის ცნობით, ოფიციალური განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ უკრაინაში 30-ზე მეტ ტანკს გაგზავნის, სავარაუდოდ, ოთხშაბათს გაკეთდება.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ მიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთი აგრესიის ახალი ტალღისთვის ემზადება და რომ მან დაინახა ბევრი ძალისხმევა, სიტყვები და დაპირებები ტანკებთან დაკავშირებით, მაგრამ მნიშვნელოვანია რეალობის დანახვა.
„ეს არ ეხება 5, 10, ან 15 ტანკს. საჭიროება უფრო დიდია. ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა დეფიციტის შესავსებად და მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ამაში გვერდში გვიდგას. თუმცა, დისკუსიები გადაწყვეტილებებით უნდა დასრულდეს. ტერორისტების წინააღმდეგ ჩვენი თავდაცვის რეალური გაძლიერების შესახებ გადაწყვეტილებებით. მოკავშირეებს აქვთ ტანკების საჭირო რაოდენობა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.