
გერმანია უკრაინისთვის გაწეული დახმარების ჩამონათვალს აფართოებს
25/01/2023 18:09:57 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს ესაუბრა - ამის შესახებ ზელენსკიმ 25 იანვარს განაცხადა, მალევე მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბერლილი უკრაინას „ლეოპარტის“ ტანკებს მიაწვდის და სხვა ქვეყნებსაც დართავს ნებას რეექსპორტისთვის.
„გერმანიის მთავარი საბრძოლო ტანკები, თავდაცვის მხარდაჭერისა და სასწავლო მისიების შემდგომი გაფართოება, „მწვანე შუქი“ პარტნიორებისთვის მსგავსი იარაღის მიწოდებისთვის. მხოლოდ ოლაფ შოლცთან საუბარში გავიგე ამ მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებების შესახებ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გერმანიის მთავრობის მეთაურს და „გერმანიაშიყველა მეგობარს“.
გერმანიის კანცლერმა ბერლინში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ისლანდიის პრემიერ-მინისტრთან კატრინ იაკობსდოტირთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გერმანია უკრაინაში სამხედრო დახმარების მასშტაბებს გააფართოებს.
„ტანკების გადაცემის გადაწყვეტილება არის სწორი გზა, რომელიც მიღებულია პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით. ტანკების გარდა, ვაფართოებთ უკვე გაწეული დახმარების ჩამონათვალს, კერძოდ, საუბარია საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, მძიმე არტილერიაზე, მრავალჯერად სარაკეტო სისტემაზე და ა.შ.“, - აღნიშნა შოლცმა.
მას არ დაუსახელებია უკრაინის „სატანკო პაკეტის" თანხის ოდენობა, მაგრამ თქვა, რომ გერმანია დაფარავს ხარჯებს.
ისლანდიის პრემიერი მიესალმა ბერლინის გადაწყვეტილებას.
მისი თქმით, ისლანდიას არ აქვს საკუთარი სამხედრო შესაძლებლობები, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრია მისი დაარსების დღიდან, მაგრამ კუნძულოვანი სახელმწიფო უკრაინას ყველა შესაძლო დახმარებას უწევს: იღებს უკრაინელ ლტოლვილებს, უწევს ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას და ასევე უკრაინას გადასცა 9 ტონა თბილი ტანსაცმელი.
საკუთარი მზაობის შესახებ გერმანიის კანცლერმა დღეს განაცხადა. როგორც მედია წერს, ევროპელებს სურთ ორი სატანკო ბატალიონის შექმნა, რომლებიც 40–40 „ლეოპარდით“ იქნება დაკომპლაქტებული.
დღესვე აშშ–ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინის არმიას ამერიკული წარმოების M1 Abrams-ის 31 ტანკს გადასცემს. მიწოდებას სავარაუდოდ რამდენიმე თვე დასჭირდება.
ბაიდენმა განაცხადა, რომ ოთხშაბათს დილით მან მოლაპარაკებები გამართა გერმანიის, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და იტალიის ხელმძღვანელებთან. ისინი კვლავაც გაერთიანებულნი არიან უკრაინის მხარდაჭერისთვის და თვლიან, რომ მას მეტი მძიმე იარაღი სჭირდება, რადგან ომი გრძელდება.
შეერთებული შტატები ასევე ამზადებს უკრაინულ ჯარებს ტანკების გამოსაყენებლად, რომლებსაც ნატოს ქვეყნები მიაწვდიან,– განაცხადა პრეზიდენტმა.
ბაიდენმა მადლობა გადაუხადა გერმანიას დღევანდელი გადაწყვეტილების გამო, გაგზავნოს უკრაინაში „ლეოპარდის“ ტანკები და სხვა ქვეყნებსაც მისცეს რეექსპორტის უფლება. ისინი, ბაიდენის თქმით, ახლა დაახლოებით, 50–ნი არიან.
აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოკავშირე ქვეყნების ძალისხმევა საფრთხეს არ წარმოადგენს რუსეთისთვის. მათი მიზანი მხოლოდ რუსული აგრესიის შეჩერებაა უკრაინაში და ამაში ისინი ურყევნი იქნებიან.