Accentnews.ge
სააპელაციომ ხაზარაძე–ჯაფარიძის საქმეზე საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

სააპელაციომ ხაზარაძე–ჯაფარიძის საქმეზე საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

26/01/2023 11:06:27 სამართალი

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ პარტია „ლელოს“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის და "ტვ პირველის" მფლობელის მამის ავთანდილ წერეთლის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. შესაბამისად, სასამართლომ არ დააკმაყოფილა არც პროკურატურის და არც დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები.

ადვოკატები გამამართლებენ განაჩენს ითხოვდნენ, სახელმწიფო ბრალდება – კვალიფიკაციის შეცვლას და სამივე პირის ე.წ. ფულის გათეთრებაში დამნაშავედ ცნობას, რაც თავის დროზე საქალაქო სასამართლომ თაღლითობის მუხლით შეცვალა.

ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი საქმეს, რომელსაც არ ჰყავს დაზარალებული, პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ და თვლიან, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით პოლიტიკური დევნა გრძელდება.

"ის, რომ მე თქვენ წინაშე ვდგავარ, ოთხი წელია მიმდინარეობს სასამართლო და მე საპყრობილეში არ ვარ, ნიშნავს, რომ აბსურდული საქმე - "ფულის გათეთრება" არ არსებობს. ერთადერთი ბრალდება იყო ეს, რომელიც არ დადასტურდა პირველ და მეორე ინსტანციაში..." - თქვა ხაზარაძემ.

ადვოკატები განაჩენს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„სააპელაციო სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, რომ არავითარ ფულის გათეთრებას, რითაც ეს საქმე დაიწყო და რის გამოც ეს საქმე გახდა სკანდალური და ხმაურიანი, არ ჰქონია ადგილი. ამავდროულად, ძალაში დატოვა ვითომ ის თაღლითობის ბრალდება, რომ ბრალდების მხარისთვის მოეწმინდათ ის სირცხვილი, რომელიც უკავშირდება იმას, რომ 3 წელია ბრალდება ამტკიცებს, თითქოს აქ არის ფულის გათეთრება. ჩვენ აღნიშნულ განაჩენს ჩავიბარებთ. ის აუცილებლად გასაჩივრდება უზენაეს სასამართლოში. კიდევ ერთხელ ვამბობთ, არავითარ დანაშაულს, მათ შორის არც ფულის გათეთრებას და არც თაღლითობას აქ ადგილი არ აქვს. გავასაჩივრებთ უზენაეს სასამართლოში, დაველოდებით შედეგს და თუ იგივე გადაწყვეტილება დარჩა, ალბათ, სტრასბურგში წავიღებთ ამ საქმეს, სადაც ცალსახად დადასტურდება, რომ ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს დანაშაული არ ჩაუდენია“,-განაცხადა ზვიად კორძაძემ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულები - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ და თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, მაგრამ მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S