Accentnews.ge
როგორ დაძლია ბულგარეთმა ხელისუფლებაში მყოფი პრორუსული ძალების წინააღმდეგობა უკრაინის მხარდაჭერის საკითხში

როგორ დაძლია ბულგარეთმა ხელისუფლებაში მყოფი პრორუსული ძალების წინააღმდეგობა უკრაინის მხარდაჭერის საკითხში

27/01/2023 10:52:58 ევროპა

ბულგარეთის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, პროევროპული პარტიის „განაგრძეთ ცვლილებები“ ლიდერმა კირილ პეტკოვმა დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ სოფია კიევს იარაღს შუამავალი ქვეყნების მეშვეობით აწვდიდა და ამგვარად შეძლო, გადაელახა პრორუსული ძალების წინააღმდეგობა კოალიციასა და პარლამენტში. იმჟამინდელ კოალიციურ ხელისუფლებაში შედიოდა ოთხი პარტია, მათ შორის იყვნენ სოციალისტებიც, რომლებსაც მჭიდრო კავშირი აქვთ რუსეთთან.

პეტკოვის თქმით, ამ პარტიის წარმომადგენლები იმუქრებოდნენ, რომ „ერთი ტყვიაც არ უნდა მოხვდეს უკრაინაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, კოალიციას დატოვებენ და ხელისუფლება არსებობას შეწყვეტდა“.

„მადლობელი ვარ, რომ ნატოს და ევროკავშირის სხვა ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რომ ჩვენ გვაქვს ეს საბრძოლო მასალა. მათ იყიდეს ბულგარეთში და უფასოდ გადასცეს უკრაინის ჯარს. ეს იყო საუკეთესო კომბინაცია. ერთი მხრივ, ჩვენ შეგვეძლო დიდი წვლილი შეგვეტანა პროცესში, რომელიც ეხმარებოდა უკრაინულ არმიას. მეორე მხრივ, უკრაინელ ხალხს არ მოუწია ბევრის გადახდა, რიგ შემთხვევებში, არ გადაუხდიათ. და იყო მესამეც – არ ყოფილა პირდაპირი ექსპორტი ბულგარეთიდან უკრაინაში, რაც დააკმაყოფილებდა კოალიციური პარტნიორის მოთხოვნებს“, - განმარტა პეტკოვმა.

მან გაიხსენა, რომ ბულგარეთის სოციალისტური პარტიის ლიდერმა კორნელია ნინოვამ, რომელიც ხელმძღვანელობდა ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროს, პირდაპირ განაცხადა, რომ არ მოაწერს ხელს დოკუმენტს, სადაც უკრაინა იქნებოდა იარაღის საბოლოო მიმღები.

”უცებ იწყო მოსვლა აშშ-ის და ბრიტანეთის მთავრობების, პოლონური და რუმინული ფირმებისგან დოკუმენტებმა. ჩვენ სრულად ვაკმაყოფილებდით ამ კრიტერიუმებს. დარწმუნებული ვარ, რომ მან არ მოუტყუებია თავისი მხარდამჭერები – თუნდაც ერთ დოკუმენტში რომ ყოფილყო ნახსენები უკრაინა, ჩვენ დავკარგავდით მის მხარდაჭერას“, - განაცხადა პეტკოვმა, თუმცა უარი თქვა, დაეზუსტებინა, კონკრეტულად რა ტიპის იარაღზე იყო საუბარი.

"დიახ, ბულგარეთმა გამოიმუშავა ფული. ორი ათასი ბულგარელი იმ დროს 100%-ით მუშაობდა. თანხები ადგილობრივ ბიუჯეტში შევიდა და ეს იყო დიდი წვლილი ეკონომიკაში", - შეაჯამა პოლიტიკოსმა.

***

ბულგარეთის პოლიტიკური ელიტა ამჟამად გაყოფილია უკრაინაში რუსეთის შეჭრის საკითხის ირგვლივ. მხოლოდ დეკემბერში შეძლო ბულგარეთის პარლამენტმა უკრაინისთვის იარაღის პირდაპირი მიწოდების საკითხის დამტკიცება, რისთვისაც პრეზიდენტმა რადევმა დეპუტატებს ომის გამაღვივებლები უწოდა.

მანამდე მედია წერდა, რომ ბულგარეთი უკრაინას ფარულად აწვდიდა საწვავსა და იარაღის ომის პირველ დღეებში. ეს ცნობები დაადასტურეს უკრაინაშიც. გადაზიდვები გასაიდუმლოებული იყო, რათა ამისთვის ხელი არ შეეშალათ ბულგარეთის მთავრობაში არსებულ პრორუს პოლიტიკოსებს.

ამასთან, მედია ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულასშტაბიანი ომის გაჩაღების შემდეგ რუსული ბანკების საერთაშორისო საბანკო სისტემა SWIFT-იდან გათიშვის ინიციატორი იყო ბულგარეთის მაშინდელი პრემიერ–მინისტრი კირილ პეტკოვი.

როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ეს მოხდა 2022 წლის 25 თებერვალს ბრიუსელში, ევროსაბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე. სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ ევროკავშირის ყველა ქვეყნის მთავრობის მეთაურები, რომლებმაც წარმოადგინეს თავიანთი შეხედულებები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ.

სიტყვა პეტკოვმაც მიიღო და შეახსენა დამსწრეებს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეიძლება, მოკლულ იქნას მომდევნო 48 საათის განმავლობაში, რადგან ის მოსკოვის "სიკვდილის სიაშია".

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი გამოვიდა მყისიერი გადაწყვეტილების მიღების მოწოდებით და დამსწრეებს შესთავაზა რუსეთის SWIFT–იდან გათიშვა, ასევე გაყინულიყო ევროპული ობლიგაციები რუსეთის ცენტრალური ბანკიდან. მიუხედავად დამსწრეთაგან ბევრის ეჭვებისა, ევროკომისიამ საბოლოოდ მხარი დაუჭირა ამ წინადადებას.

პარალელურად, პარიზში გაიმართა ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების შეხვედრა, რომელსაც ბულგარეთის მაშინდელი ფინანსთა მინისტრი ასენ ვასილიევი ესწრებოდა. ჟურნალისტებთან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ იმ შეხვედრაზეც იყო დაბნეულობის და შოკის ატმოსფერო, დამსწრეებმა გამოავლინეს გაურკვევლობა.

თავის გამოსვლაში ვასილიევმა ევროპელ კოლეგებს აუხსნა, თუ რა ემუქრება რეალურად უკრაინას კრემლის მიერ გამოცხადებული „დენაზიფიკაციით “.

”ეს არის ის, რაც რუსებმა გააკეთეს ბულგარეთში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ: მათ მოკლეს ათასობით დისიდენტი, პროფესორი და მღვდელი”, - თქვა ვასილიევმა მაშინ და მოუწოდა კოლეგებს სასწრაფო გადაწყვეტილებისკენ.

შეხვედრის მონაწილეებმა გერმანულ გაზეთს დაუდასტურეს, რომ შეხვედრის განწყობა სწორედ ბულგარელმა მინისტრმა შეცვალა – ბრიუსელმა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედება ორი დღის შემდეგ დაიწყო. ევროკავშირის ოფიციალურ პირებს შორის ამ ზომებს „ბულგარეთის წინადადება“ უწოდეს. თებერვლის ბოლოს მიღებული გადაწყვეტილება რუსეთის SWIFT–იდან გათიშვის შესახებ მარტის დასაწყისში დაიწყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S