Accentnews.ge
მოსამართლემ სააკაშვილის საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნა საქმეს მტკიცებულებად დაურთო

მოსამართლემ სააკაშვილის საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნა საქმეს მტკიცებულებად დაურთო

30/01/2023 09:37:04 პოლიტიკა, სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა საქმეს მტკიცებულებად დაურთო.

აღნიშნულით არევაძემ სპეციალური პენიტენციური დეპარტამენტის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ადვოკატებმა აღნიშნეს, ის საქმეზე მტკიცებულების სახით არ უნდა დართვოდა.

მოსამართლემ დაცვის მხარის პოზიცია არ გაიზიარა, შესაბამისად, სასამართლოში ჩვენების მიცემა მოუწევთ წარდგენილი დასკვნის ავტორებს, ნოდარ კაკაბაძეს, ნანა კეკელიძესა და აკაკი ტყემალაძეს.

„ვფიქრობ, რომ მხარეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, წარმოადგინონ მათი მოსაზრებები იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში საუბარია სპეციალური ცოდნის მქონე ადამიანების განმარტებაზე. როგორც ერთ მხარეს, ასევე მეორე მხარეს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, დაიხმარონ ან მოიშველიონ სპეციალური ცოდნის მქონე პირების განათლება და სპეციალობა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ წარმოდგენილი დასკვნა უნდა დაერთოს საქმეს“, - განაცხადა გიორგი არევაძემ.

26 იანვარს გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ პენიტენციური სამსახურის მიმართვის საფუძველზე, სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ შეამოწმა ცენტრ „ემპათიის" დასკვნის სარწმუნოობა და დაასკვნა, რომ „ემპათიის“ დასკვნა არ არის სარწმუნო და უტყუარი“. სწორედ ბრეგაძემ თქვა, რომ ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა სასამართლოს მტკიცებულებად წარედგინებოდა.

ცენტრ „ემპათიის"ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა კი ეს დოკუმენტი „ექსპერტიზაზე ზეწოლად და რეპუტაციის შელახვის მცდელობად" შეაფასა.

ცენტრმა „ემპათიამ" 2022 წლის 1 დეკემბერს გამოაქვეყნა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, დაპატიმრების დროს „პრაქტიკულად ჯანმრთელი" მიხეილ სააკაშვილი ახლა სიკვდილის საფრთხის წინაშე დგას.

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდანაა კლინიკა "ვივამედში". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.

თითქმის ორი თვეა, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიმართვას მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S