30-01-2023 16:38:35 ანალიზი
გასულ შაბათ–კვირას ირანში ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა, მოგვიანებით კი დრონებით თავდასხმის შესახებ გახდა ცნობილი. ირანის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადების მიხედვით, 1 უპილოტო საფრენი აპარატი საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო, 2 კი, აფეთქდა, თუმცა, მსხვერპლი არ მოჰყოლია, არც ობიექტის მუშაობა შეფერხებულა და მხოლოდ სახურავი დაზიანდა. უწყებას ობიექტი არ დაუკონკრეტებია, თუმცა ირანული სააგენტო IRNA-ს ცნობით, ეს არის ქარხანა, რომელიც საბრძოლო მასალებს აწარმოებს.
როგორც დასავლური მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, ირანის ისპაჰანის პროვინციაში, სამხედრო-სამრეწველო ობიექტზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა ისრაელმა განახორციელა. ჟღერს ვარაუდი, რომ სამხედრო-სამრეწველო ობიექტის ტერიტორიაზე მდებარეობდა ბალისტიკური რაკეტების საწყობი. ხოლო შედეგების შესახებ ისრაელის გამოცემა Jerusalem Post აღნიშნავს, რომ შეტევა წარმატებული იყო და ზარალი გაცილებით დიდია, ვიდრე ამას ირანის მთავრობა ამბობს.
გარდა ამისა, ირანული მედია იტყობინებოდა აფეთქებებისა და ხანძრების შესახებ დედაქალაქ თეირანში, ქალაქ თავრიზსა და დეზფულში - სტრატეგიულ ობიექტებსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში, თუმცა ოფიციალურ თეირანს ეს ინციდენტები თავდასხმასთან არ დაუკავშირებია, არც თავდასხმაზე პასუხისმგებელი გამოუკვეთავს საჯაროდ, მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ „ეს თავდასხმა ვერ მოახდენს გავლენას ჩვენი სპეციალისტების მყარ გადაწყვეტილებაზე მშვიდობიანი ბირთვული პროგრესის შესახებო“.
მართალია უკრაინის წინააღმდეგ ომში ირანი ფაქტობრივად რუსეთის მხარდამჭერად მოგვევლინა, ამარაგებს რა მას უპილოტო საფრენი აპარატებით, რომელთა გამოყენებითაც რუსული ძალები ბომბავენ უკრაინულ ქალაქებს, ასევე საუბარია ბალისტიკური რაკეტების მიწოდებაზე, თავად ირანში კი გაზაფხულისთვის რუსულ მოიერიშეებს ელიან, თუმცა ექსპერტები თავდასხმას ისრაელ–ირანის უმძიმესი ურთიერთობების კონტექსტში უფრო განიხილავენ: ირანი არ აღიარებს ისრაელის არსებობის უფლებას, ხოლო ისრაელი მიიჩნევს, რომ სწორედ თეირანია მის წინააღმდეგ მოქმედი ექსტრემისტული დაჯგუფებების სპონსორი. გარდა ამისა, შეშფოთების საგანია ირანის ბირთვული პროგრამა – ბირთვული შეთანხმების (აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელშეკრულებიდან 2018 წელს ცალმხრივად გავიდა) ირგვლივ განახლებული მოლაპარაკებები ჩიხშია შესული, სპეციალისტები კი შიშობენ, რომ ახლო მომავალში ირანი ბირთვული იარაღით აღიჭურვება. მაგალითად, როგორც გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) გასული წლის სექტემბერში იტყობინებოდა, ირანმა ურანის მარაგი იმ დონემდე გაზარდა, რომ მას მხოლოდ ერთი მოკლე ტექნიკური ნაბიჯი აშორებდა იარაღის წარმოებამდე. გასული წლის ნოემბერში ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ ქვეყანამ დაიწყო ურანის 60%–მდე გამდიდრება ფორდოს ბირთვულ ობიექტზე. ამასთან, Reuters წერდა, რომ ირანი უკვე ამდიდრებდა ურანს 60%-მდე მის სხვა ობიექტებში, რაც ჩამორჩება იარაღის წარმოებისთვის საჭირო დაახლოებით 90%-ს, მაგრამ მეტია 20%-ზე, რამდენსაც ის აწარმოებდა გამდიდრების შეზღუდვის შესახებ დიდ სახელმწიფოებთან 2015 წლის შეთანხმებამდე.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე ცხადყო, რომ ჩვენ მოწოდებული ვართ, ირანმა არ შექმნას ბირთვული იარაღი და ყველა ვარიანტი რჩება მაგიდაზე, რომ ეს არ მოხდეს, მაგრამ ჩვენი სასურველი გზა დიპლომატია იქნება“, – თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ტელეკომპანია „ალ არაბიასთან“ ინტერვიუში შაბათ–კვირის მოვლენების შემდეგ.
ამ კონტექსტში პროცესზე დამკვირვებლები იხსენებენ, რომ ისრაელს აქვს ე.წ. გეგმა B–ს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით – ობიექტების დაბომბვა, სადაც ხორციელდება ბირთვული შეიარაღების განვითარება.
„ისრაელის სტრატეგია არ შეცვლილა მიუხედავად ხელისუფლების ცვლილებისა. ამ კუთხით შემაკავებელი ფაქტორი იყო ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, რომელიც უფრო კომპრომისისკენ იხრებოდა. პერიოდულად პენტაგონიდან გამოჟონილი ინფორმაციაც, რომ ამა თუ იმ ინციდენტის უკან ისრაელი დგას, ვფიქრობ, ემსახურება მათი მხრიდან უკმაყოფილების გაჟღერებას და მცდელობას, ირანის მხრიდან ბრალდებები თავიდან აიცილონ. ამდენად, მომხდარს ამ ეტაპზე არ დავაკავშირებდი საერთო ვითარებასთან, მათ შორის, ომთან, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ. თუ ამის უკან ისრაელი დგას, უპირველესად, ის საკუთარ პრობლემებს ჭრის დიდი ხნის წინ შემუშავებული სტრატეგიის ფარგლებში. მიზანი უცვლელია: არ დაუშვას ირანის ხელში ბირთვული იარაღის არსებობა; რეგიონში ირანის ექსპანსია; ხელი შეუშალოს ირანიდან თეირანის მარიონეტებისა თუ მოკავშირეებისთვის იარაღის მიწოდებას“,– ამბობს სამხედრო მიმომხილველი დავით შარფი და დასძენს, რომ ეს არ არის პირველი მსგავსი ინციდენტი. მას მაგალითად მოჰყავს უკრაინაში ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე დასავლეთ ირანში უცნობი საფრენი აპარატებით დრონების მწარმოებელ–შემნახველ ქარხანაზე მიტანილი იერიში. სხვადასხვა წყაროებით, მაშინ მინიმუმ 100 დრონი განადგურდა.
რაც შეეხება რიგი შემფასებლის აზრს, რომ ისრაელი მსგავს დარტყმას აშშ–ის ნებართვის გარეშე ვერ განახორციელებდა, სამხედრო მიმომხილველი კატეგორიულად არ იზიარებს:
„სიმართლისგან შორსაა მოსაზრება, თითქოს ისრაელი მის ყველა აქტივობას ათანხმებს აშშ–სთან. ხშირად ისრაელის ამა თუ იმ მოქმედებით ძალიან გაღიზიანებულები იყვნენ ამერიკელები. რიგ შემთხვევაში ისრაელი ითვალისწინებს აშშ–ის დაჟინებულ წინადადებებს, რიგ შემთხვევაში – არა. ამ შემთხვევაში რა მოხდა, ჯერ კიდევ შესასწავლია. შესაძლოა, საქმე ეხებოდა ოპერატიულ შესაძლებლობას. საუბარია ერთგვარ სადაზვერვო ოპერაციაზე, რომლის მიზანიც მნიშვნელოვანი იყო ან საჭირო იყო ერთგვარი გზავნილი გადაეცათ ირანისთვის“.
მაინც საიდან შეფრინდნენ დრონები ირანის ტერიტორიაზე, ოფიციალურად არაფერი თქმულა, თუმცა მუსირებს რამდენიმე ვერსია:
ამ ვერსიებს, მათ შორის, ისრაელის და აზერბაიჯანის როლს ლოგიკურად მიიჩნევს აღმოსავლეთმცოდნე გიორგი სანიკიძე მათი ძალიან მჭიდრო და ხშირად, ფარული ურთიერთობების გათვალისწინებით.
„აზერბაიჯანს და ისრაელს სამხედრო თვალსაზრისით წარმოუდგენლად მჭიდრო თანამშრომლობა აქვთ ერთმანეთთან. ისრაელის შეიარაღება დიდ როლს ასრულებს აზერბაიჯანის აღჭურვილობაში“,– აღნიშნავს „აქცენტთან“ აღმოსავლეთმცოდნე.
ხოლო აზერბაიჯანის ურთიერთობები მის სახმელეთო და საზღვაო მეზობელ ირანთან დახუნძლულია პრობლემებით და პერიოდულად მწვავდება კიდეც.
„ძალიან ბევრი გადაუჭრელი პრობლემაა. მათ შორის, 2020 წლის ომში [ყარაბაღის ომის მეორე ეპიზოდში – რედ.] აზერბაიჯანის გამარჯვების შემდეგ ირანი ძალიან წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდა: თუ მთლიან ყარაბაღს ავიღებთ, საზღვარს აზერბაიჯანთან ირანი აკონტროლებდა სომხეთთან ერთად. ეკონომიკური თვალსაზრისითაც ირანს [პირდაპირი გზა ჰქონდა მთიან ყარაბაღში. დღეს ეს შესაძლებლობა არ აქვს, რაც მისთვის დიდი დანაკარგია. გარდა ამისა, მას აშფოთებს აზერბაიჯანის გეგმები, გახსნას ნახჭევანთან დამაკავშირებელი დერეფანი [რომელიც გადის სომხურ სიუნიქზე და ესაზღვრება ირანს – რედ.] და აღდგეს რკინიგზა. პერიოდულად იძაბება მათ შორის ურთიერთობები – გასულ წელს ირანმა საზღვრის მახლობლად წამოიწყო ძალიან სერიოზული სამხედრო მანევრები. ასევე დგას ტერიტორიული საკითხი, რომელიც უფრო მეტად აზერბაიჯანიდან ჟღერს“,– იხსენებს სანიკიძე.
იხილეთ ასევე: ბაქოსა და თეირანს შორის ვითარება იძაბება – აზერბაიჯანში ქვეყნის სახელის "ჩრდილოეთ აზერბაიჯანით" შეცვლის ინიციატივით გამოდიან
ამ გარემოებების გათვალისწინებით, პროცესზე დამკვირვებლები ფიქრობენ, რომ არსებობის უფლება აქვს ვერსიას, 27 იანვარს ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე განხორციელებული თავდასხმა მასტიმულირებელი ყოფილიყო, მხედველობაში მიეღო ბაქოს ისრაელის მიმართვა. მით უფრო, რომ ბაქომ იმთავითვე გამორიცხა თავდასხმაში სომხური კვალი, დამაჯერებლად არ მიიჩნია თეირანის ვერსია თავდამსხმელის ოჯახური პრობლემების თაობაზე და ცალსახად ტერორისტულ აქტად განიხილავს მომხდარს.
რაც შეეხება ე.წ. გეგმა „ბე“–ს, სანიკიძე მიიჩნევს, რომ ჯერ გადაჭრით ვერ ვიტყვით, ამოქმედდა თუ არა, რადგან ამ ეტაპისთვის არსებული ცნობების მიხედვით, ბირთვულ ობიექტებზე არ მიუტანიათ იერიში: „მაგალითად, სადამ ჰუსეინის დროს, როდესაც ის ერაყში ბირთვულ ობიექტებს აგებდა, ისრაელმა დაბომბა და მთლიანად მიწასთან გაასწორა ინფრასტრუქტურა“,– დასძენს აღმოსავლეთმცოდნე.