
მოსკოვი – აშშ-სთან ბირთვული შეთანხმება შესაძლოა, 2026 წლის შემდეგ დასრულდეს
30/01/2023 12:33:24 მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი არ გამორიცხავს, რომ აშშ-სთან გაფორმებული ახალი ბირთვული "ახალი START"-ს შეთანხმება 2026 წლის შემდეგ დასრულდეს.
"ეს სრულიად შესაძლებელი სცენარია", - განაცხადა რიაბკოვმა რუსულ მედიასთან საუბრისას.
2022 წლის ნოემბერში ბოლო მომენტში გადაიდო აშშ-რუსეთის მოლაპარაკება, რომელიც უნდა გამართულიყო შეთანხმების პირობებით ბირთვული შემოწმებების განახლების თაობაზე. მოლაპარაკების ახალ თარიღზე მხარეები არ შეთანხმებულან.
„ახალი START–ს“ შეთანხმება, რომელიც 2011 წელს შედგა, აშშ-სა და რუსეთს ავალდებულებს შეზღუდოს [საბრძოლო მზადყოფნაში] განლაგებული საკონტინენტთშორისო ბალისტიკური რაკეტების, წყალქვეშა ნავებიდან გასაშვები ბალისტიკური რაკეტების და ბირთვული იარაღისთვის აღჭურვილი მძიმე ბომბდამშენების რაოდენობა.
შეთანხმება ასევე ზღუდავს ბირთვული ქობინების რაოდენობას მზადყოფნაში განლაგებულ რაკეტებში, ბომბდამშენებში და რაკეტების გამშვებებში. ორივე მხარემ შეთანხმების ცენტრალურ ზღვრებს 2018 წლის 5 თებერვალს მიაღწია და მისი მოქმედების ვადა 2026 წლის 4 თებერვლამდე გაგრძელდა.