
„სარაკეტო იერიშს გეგმავდა“: უკრაინის სპეცსამსახური რუსი აგენტის დაკავების შესახებ იუწყება
30/01/2023 14:02:22 ევროპა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა რუსი აგენტის დაკავების შესახებ, რომელიც ამზადებდა სარაკეტო თავდასხმას ქვეყნის დასავლეთში ელექტრო ქვესადგურებზე.
უწყების ცნობით, აგენტი აღმოჩნდა კრემენეცის რეგიონის მკვიდრი, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურმა სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ ტერნოპოლის რეგიონში გადაიბირეს.
„მან შეაგროვა ინფორმაცია დასავლეთ რეგიონებში კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტების ადგილმდებარეობისა და მათი მუშაობის თავისებურებების შესახებ. უპირველეს ყოვლისა, დაინტერესდა ადგილობრივი ელექტრო ქვესადგურების ლოკაციებითა და ტექნიკური მახასიათებლებით. იგი გეგმავდა მიღებული ინფორმაციის გადაცემას მტრისთვის, რათა მოემზადებინა და განეხორციელებინა მიზანმიმართული სარაკეტო დარტყმების სერია უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცი დააკავეს, როდესაც სმარტფონით რუსეთში სადაზვერვო მონაცემების გადაგზავნას ცდილობდა.
რუსეთმა დრონებითა და რაკეტებით 2022 წლის 10 ოქტომბერს დაიწყო მასიური დარტყმები უკრაინის ენერგოსისტემაზე. ამ დროის განმავლობაში მან მოახერხა სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილის გათიშვა.