
რა თქვეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ავსტრიის კანცლერმა თბილისში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე
30/01/2023 14:08:13 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს კარლ ნეჰამერს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მათ მთავრობის ადმინისტრაციაში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
რა თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა
- ოკუპაცია
საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში რუსული ოკუპაცია გრძელდება, რაც დიდი გამოწვევაა. მისი თქმით, ხელისუფლება ამ გამოწვევას სწორი, გონივრული პოლიტიკით პასუხობს.
„მოგესალმებით, მინდა მივესალმო გულითადად ჩემს ძვირფას კოლეგას, ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს, ბატონ კარლ ნეჰამერს. მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობ ჩემს ავსტრიელ კოლეგას საქართველოში. ეს არის პირველი ვიზიტი საქართველოში ავსტრიის კანცლერის და შეიძლება მას ისტორიული ვიზიტი ვუწოდოთ. მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგას. ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, საუბარი. ზაფხულში მე ვიმყოფებოდი ვენაში ოფიციალური ვიზიტით, როცა მიმასპინძლა ბატონმა ნეჰამერმა. ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი დისკუსია, საუბარი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით, ზოგადად, გეოპოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს ძალიან რთულია მსოფლიოში, ევროპის კონტინენტზე, ჩვენს რეგიონში. ეს ყველაფერი აისახება, ბუნებრივია, ჩვენს ქვეყნებზე.
ჩვენ ახლაც გვქონდა დეტალური განხილვა არსებული სიტუაციის. რა თქმა უნდა, უკრაინაში ომი არის უდიდესი გამოწვევა დღეს ევროპის კონტინენტზე. ასეთი მასშტაბის კრიზისი არ ყოფილა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი პრობლემა მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის, მსოფლიოსთვის და ასევე ჩვენი რეგიონისთვის. მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანას აქვს თავისი პრობლემები, ჩვენი ქვეყნის 20 % არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. 2008 წლის ომი, რა თქმა უნდა, იყო დამანგრეველი ჩვენი ქვეყნისთვის, ამის შედეგი არის ეგრეთ წოდებული აღიარება ჩვენი ისტორიული ტერიტორიების – აფხაზეთის, სამაჩაბლოსი, და დღემდე გრძელდება აღნიშნული ოკუპაცია, რაც, ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა. ჩვენ ამ გამოწვევას ვპასუხობთ სწორი, გონივრული პოლიტიკით. ჩვენ მოვახერხეთ ბოლო 10 წელიწადში ის, რომ საქართველოში გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება", – განაცხადა პრემიერმა.
- ევროინტეგრაცია
ღარიბაშვილმა ქვეყნის ევროინტეგრაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ ბოლო 10 წელიწადში ყველა შესაძლო პროგრესს მიაღწია.
"ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო 10 წელიწადში ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია ყველა შესაძლო პროგრესს, რაც ჩვენ შეგვეძლო მიგვეღო ბოლო 10 წელიწადში, – ეს არის ასოცირების შეთანხმების გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც გავაფორმეთ ჩვენ ევროპასთან, უვიზო მიმოსვლა და ახლა უკვე ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული შარშან, ივნისში, სადაც ნათლად იქნა დადასტურებული ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა. მე ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ავსტრიას, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს, და პირადად ბატონ კანცლერს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ავსტრიის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, ახლა უკვე – ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მიმართ. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ არსებობს გარკვეული კრიტერიუმები და მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ უნდა დავაკმაყოფილოთ. ეს ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. მთელი ჩვენი გუნდი, ხელისუფლება აი, ამ პასუხისმგებლობით, ამ სულისკვეთებით მუშაობს. ჩვენ ვასრულებთ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც წარმოგვიდგინეს და გადმოეცა საქართველოს. პირველივე დღეებიდან ჩვენ დავიწყეთ აქტიური მუშაობა ამ თემაზე. საქართველოს პარლამენტმა გასწია ძალიან დიდი მუშაობა ამ მიმართულებით, ამ გზაზე, მთავრობასთან ერთად. რეკომენდაციების უმრავლესობა უკვე არის შესრულებული, დარჩენილია რამდენიმე რეკომენდაცია, რომლებიც გაგზავნილია ვენეციის კომისიაში. რა თქმა უნდა, აქ საჭიროა, აუცილებელია, ოპოზიციის ჩართულობა, ვინაიდან, მაგალითად, პირველი რეკომენდაცია, რომელიც ეხება პოლარიზაციის შემცირებას, დასრულებას, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ამის მიღწევა შეუძლებელია ოპოზიციასთან თანამშრომლობის გარეშე, რაზეც ჩვენი პოზიცია არის შემდეგი, რომ ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ მზად, რომ კარი გავხსნათ მათთვისაც, იყოს მუდმივი დიალოგი და ეს დიალოგი უნდა იყოს კონსტრუქციულ ფორმატში", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
- ავსტრია–საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობა
პრემიერის თქმით, ავსტრიასა და საქართველოს შორის პოლიტიკური ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა:
"რაც შეეხება სხვა საკითხებს, მოგეხსენებათ, რომ პოლიტიკურ დონეზე, პოლიტიკური ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა ავსტრიასა და საქართველოს შორის. დღევანდელი ვიზიტი სწორედ ამის დადასტურებაა, და მინდა კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ჩვენს პატივცემულ სტუმარს. ჩვენ ასევე გვქონდა განხილვა, თუ როგორ უნდა გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები სხვა მიმართულებებით, როგორიცაა ვაჭრობა, ეკონომიკა, ტურიზმი, ინვესტიციები. საქართველო არის ძალიან საინტერესო ადგილი ინვესტიციების განსახორციელებლად. ჩვენ ბოლო 2 წელია შევძელით ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევა, შარშანწინ გვქონდა 10.5 % ზრდა, შარშან – 10%, რაც, რა თქმა უნდა, გვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. საქართველო ერთ-ერთი მიმზიდველი ქვეყანაა ინვესტიციების თვალსაზრისით. ჩვენ ვართ მსოფლიოში მე-7 ადგილზე ბიზნესის კეთების მიმართულებით, ასევე ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებ ბიუროკრატიული და ნაკლები ბარიერების მქონე ქვეყანა, და ჩვენ ყოველთვის მივესალმებით ავსტრიული კომპანიების, ავსტრიელი ინვესტორების შემობრძანებას საქართველოში".
- შავი ზღვის ელექტროკაბელი
პრემიერმა ისაუბრა შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტზე:
"მე ასევე მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ახლა დავიწყეთ სტრატეგიული პროექტის განხორციელება ევროკავშირის ჩართულობით. ესაა შავი ზღვის ელექტროკაბელი, გადამცემი ხაზი, რომელზეც უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი. 4 ქვეყანაა ამ თემაში ჩართული, მოგეხსენებათ, ბატონო კანცლერო, – საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი. ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი თვალსაჩინო, სამაგალითო პროექტი. ჩვენ დაკავშირებადობას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ზოგადად და ერთ-ერთი გამოკვეთილი პრიორიტეტია ჩვენი მთავრობის. ეს და სხვა პროექტები, რა თქმა უნდა, დაეხმარება საქართველოს, რომ კიდევ უფრო მეტად ინტეგრირდეს ევროპულ ბაზარზე, კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული გახდეს და ეს ურთიერთდამოკიდებულების ხარისხი ჩვენ ორმხრივად უნდა გავაძლიეროთ. ესაა ძირითადი საკითხები, რომლებზეც ჩვენ დღეს გვქონდა საუბარი ბატონ კანცლერთან. დღეს საკმაოდ დატვირთული განრიგი აქვს ბატონ კანცლერს საქართველოში, და მინდა კიდევ ერთხელ მას მადლობა გადავუხადო ვიზიტისთვის. ჩვენ გვექნება საღამოს საშუალება, რომ გავაგრძელოთ საუბარი, დიდი მადლობა, გთხოვთ. სიტყვას ვაძლევ ბატონ კანცლერს“, – განაცხადა ღარიბაშვლმა.
რა თქვა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურმა კანცლერმა კარლ ნეჰამერმა
- ეკონომიკური პარტნიორობა
ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურმა კანცლერმა კარლ ნეჰამერმა განაცხადა, რომ ავსტრიისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთან პროდუქტიული თანამშრომლობა:
„ჩემთვის სასიხარულოა, რომ აქ ვიმყოფები. ჩვენ გასული წლის ივლისში შევხვდით ერთმანეთს. ჩვენი შეხვედრა უფრო ადრე პერიოდისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა, ვერ მოხერხდა და ძალიან მიხარია, რომ ახლა შევძელით შეხვედრა, რადგან ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ეს პროდუქტიული თანამშრომლობა. ჩვენ ხანგრძლივი დიპლომატიური ურთიერთობების ტრადიცია გვაქვს. უკვე 30 წელია, რაც ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობები აღდგენილია. საქართველო ავსტრიისთვის, მართლაც რომ, ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია. არსებობს ბევრი მიმზიდველი შესაძლებლობა, რათა მოხდეს მათ შორის ავსტრიელი ინვესტორების მოზიდვა.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მონაცემები ძალიან შთამბეჭდავია. როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკური ბაზრის განვითარებაზე, ტურიზმზე, როდესაც ვსაუბრობთ ენერგეტიკის მიმართულებაზე, ამ მხრივ საქართველო ძალიან საინტერესო პარტნიორია ავსტრიული კომპანიებისთვის. მაგალითისთვის, ,,რაუფსა“ და ,,ჰელსი ვოთერსს“ შორის თანამშრომლობა, რომელსაც ერთგვარი ნოუ-ჰაუ შემოაქვს ქვეყანაში და საქართველოში ერთობლივად მიიღწევა შთამბეჭდავი წარმატება", – განაცხადა კანცლერმა.
- ევროინტეგრაცია
მისი თქმით, ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებებს და მზადაა, დახმარება გაუწიოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
როგორც კანცლერმა აღნიშნა, ევრორეკომენდაციების შესრულება ყოველთვის მარტივი არაა, მაგრამ ნამდვილად ღირს.
"ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას რაც შეეხება, რაზეც ბატონმა პრემიერმა გაამახვილა ყურადღება, ეს მიმართულება, მით უმეტეს, დღევანდელ დროს, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც ლაპარაკია არა მხოლოდ გეოსტრატეგიულ მნიშვნელობაზე, არამედ, მათ შორის, ეკონომიკურ მნიშვნელობაზეც. ჩვენ დღეს პრესკონფერენციამდე გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა ამ თემაზე. ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ იმაზე, თუ რისი გაკეთებაა აუცილებელი ამ მიმართულებით წარმატების მისაღწევად. ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმაზე, თუ რა გაკეთდა იმისთვის, რომ შესრულებულიყო ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები, და ჩვენთვის ცხადია, რომ ამის გაკეთება ყოველთვის მარტივი არ არის, მაგრამ ნამდვილად ღირს ამ მიმართულებით სვლა, ღირს ძალისხმევის გაძლიერება, უფრო მეტი ინვესტიციების ჩადება ამ მიმართულებით, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, რადგან ეს პროცესი, მათ შორის, მოიტანს ძალიან ბევრ ცვლილებას შიდა პოლიტიკური თვალსაზრისით, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებისთვისაც. პოლიტიკურად, იმ ადამიანებისთვის, ვისაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ეს ყოველთვის ძალიან დიდი გამოწვევაა. მე ბატონ პრემიერ-მინისტრს შევთავაზე ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა ყველა მიმართულებით, რა მიმართულებითაც ამის საჭიროება იქნება. ამავე დროს, ეს პროცესი ცხადყოფს, რომ ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის ერთი და იგივე ამოსავალი პირობები უნდა არსებობდეს. არ უნდა იყოს ერთგვარი შემოკლებული გზით მიზნის მიღწევის შესაძლებლობა. ბოლო პერიოდის განმავლობაშიც, მართლაც, არსებობდა ამ თემაზე აქტიური დისკუსია ევროკავშირის ფარგლებში, თუ რა წარმატებები იყო სამი კანდიდატი ქვეყნის შემთხვევაში, და როდესაც ავსტრიის მხარდაჭერაზე ვლაპარაკობთ, ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს ავსტრიის მზადყოფნას, მათ შორის, ნოუ-ჰაუს თვალსაზრისით, რომ ჩვენ მხარში ამოგიდგეთ. ჩვენც ვიყავით მსგავს სიტუაციაში, როდესაც ევროკავშირის წევრობის სტატუსი გვქონდა და ვიცით, რა არის ამ მიმართულებით გასაკეთებელი", – განაცხადა კანცლერმა.
- უკრაინაში მიმდინარე ომი და საქართველო
ავსტრიის კანცლერმა აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, რუსი სამხედროები საქართველოს ტერიტორიაზე დგანან და ამას ავტომატურად მოაქვს ის, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული პოლიტიკა გარკვეულწილად სხვა რეალობაში უნდა გამოიხატებოდეს.
"რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ასევე იმ თემაზე, რომელიც თითქმის უკვე ერთი წელია, რაც ჩვენ, ყველას, ძალიან გვაფიქრებს და გვაშფოთებს. ლაპარაკია უკრაინის ომზე. ადამიანები უაღრეს გაჭირვებაში არიან, ომი სულ უფრო მძიმე ხასიათს იძენს და ამით იზრდება ადამიანების ტანჯვა. საქართველო მართლაც განსაკუთრებულ სიტუაციაშია. ამაზე ბატონმა პრემიერ-მინისტრმაც გაამახვილა ყურადღება. ავსტრიაში საქართველოს ელჩი ყოველთვის მიუთითებს საქართველოს განსაკუთრებულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე, საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, რუსი სამხედროები დგანან თქვენი ქვეყნის ტერიტორიებზე და ამას ავტომატურად მოაქვს, თავისთავად, ის რეალობა, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული პოლიტიკა გარკვეულწილად სხვა რეალობაში უნდა გამოიხატებოდეს. სწორედ ამიტომ, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მიხარია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა ევროკავშირის მიერ დაწესებულ ყველა ფინანსურ სანქციას. ეს, მართლაც, მარტივი არ არის, რადგანაც ზეწოლა საქართველოზე ძალიან დიდია. საქართველოს ლტოლვილთა ძალიან დიდი ნაკადი დაატყდა თავს რუსეთის ფედერაციიდან და, ყველაფერთან ერთად, ესეც ძალიან დიდი გამოწვევაა, მით უმეტეს, ასეთ მძიმე პერიოდში საქართველოს მთავრობისთვის არის ძალიან დიდი გამოწვევა. ამავე დროს, მინდა ჩემი მხრივ გარანტია მოგცეთ და ვთქვა, რომ საქართველო ძალიან სწორი მიმართულებით მიდის და ჩემი მხრიდან აღიქვათ დახმარება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ავსტრია მათ შორის მხარს უჭერს ევროკავშირის მისიას საქართველოში. 7 დამკვირვებელია წარმოდგენილი. ჩვენ ვეწვევით ამ მისიას და, მართლაც, ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ამ მისიას საქართველოს სტაბილურობაში. ბუნებრივია, ძნელია ამ მიმართულებით საჭიროზე მეტის გაკეთება, თუმცა, ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ ავსტრია თვალსაჩინოდ იყოს წარმოდგენილი, და იმასაც უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ავსტრია, ისევე როგორც მთლიანად ევროკავშირი, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აბსოლუტურად მხარს უჭერს და ეს ჩვენი პოლიტიკური აქტივობის ცენტრშია მოქცეული, როდესაც საქართველოსთან მიმართებით ვმოქმედებთ. ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკაში ის, რომ რაციონალური შეფასებები გვქონდეს, პოლიტიკა შესაძლებლობის ხელოვნებაა. უნდა ვმოძრაობდეთ ამ შესაძლებლობების დერეფანში და ამას საქართველოს მთავრობა აკეთებს. ვიცი, რომ ეს ძალიან რთულია, უფრო მეტიც არის, ვიდრე რთული, და ამიტომ ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, ძალიან მიხარია, აქ რომ ვიმყოფები, ძალიან მიხარია, რომ ამ მხარდაჭერას შეუძლია გარკვეული წვლილის შეტანა, და ასევე ჩემი მხარდაჭერა, თქვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის მხარდაჭერა აღიქვათ იმ რთულ გზაზე, რომელსაც საქართველო ადგას“, – განაცხადა ნეჰამერმა.
ცნობისთვის: ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი საქართველოში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფება.